ცვლილება

ახლა ჩემი საწოლი მთლიანად მაქვს დაპყრობილი, ირგვლივ უამრავი მტვერი ირევა, სიჩუმეა და აქა იქ ამ სიჩუმეს არღვევს ჭურჭლის სასიამოვნი ხმაური. მე გადავდივარ და ვტოვებ ამ სახლს, სამახსოვროდ კი მხოლოდ მოგონებებს ვუტოვებ. ჩემი ოთახის ოთხივე კედელი ღაჟღაჟა ყვითელია, აქა იქ დიდი წითელი ყვავილებით. აღარ მომწონს, არც თავიდან მომწონდა. ახლა ამ სიყვითლეში მხოლოდ საწოლიღა შემორჩა, სულ მალე მასაც მოაკითხავენ. აქ კედლებსაც ჩემი სუნი ასდით, მომენატრება აქაურობა, მაგრამ იმდენად არა რომ დაბრუნება მომინდეს. კედლებზე ისევაა ჩემი გაკრული ფორმულები და უცხო სიტყვები თავისი განმარტებებით, მათაც აქ დავტოვებ კედლებთან ერთად, ამგვარად სახლის ახალ პატრონს ცოდნას გავუზიარებ.

 ფანჯარა, ჩემი დიდი ფანჯარა… ის იმხელაა ხელებს რომ ვშლი მაინც ჩემზე განიერია, სიგრძეში მაინც მე ვჯობნი. რამდენჯერ ვმდგარვარ ამ ფანჯარასთან და მიყურებია მზის ამოსვლისთვის, რამდენჯერ ჩამიკრია წინა კორპუსში მცხოვრები ბიჭისთვის თვალი და მერე დავმალულვარ, რამდენჯერ ჩამოვმჯდარვარ მის რაფაზე და წიგნი წამიკითხავს… ძალიან ბევრჯერ, თავს მოღალატედ ვგრძნობ, რადგან ახლა ახალი ფანჯარა მელოდება რომელიც მის მაგივრობას გამიწევს, ეს კი… იქნებ ჩემი ფანჯარა ახალმა პატრონმა უფრო შეიყვაროს… 

 ისე დაემთხვა რომ მთლიანად ვიცვლები, ჯერ ჩემმა პიროვნებამ დაიწო ცვლა, შემდეგ ჩემი თმა გალურჯდა და ახლა ახალი ფანჯრიდანაც მომიწევს სამყაროს ყურება, იქნებ ასე უკეთესიცაა.

ვარიანისკენ

ახლა დიდ ავტობუსში ვზივარ, მასში ხალხის რაოდენობა უფრო ბევრია ვიდრე ჟანგბადისა. ჩვენი გზა ვარიანისაკენ მიდის, იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა იაკობ გოგებაშვილი. ხო, ეს ექსკურსიაა. გვერდით ჩემი ძმა მიზის და ეს გზა უსასრულობამდე იწელება. თავს კარგად არ ვგრძნობ, როდესაც ვუყურებ ამდენ მშობელს რომელიც გადამეტებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ შვილს, ერთმანეთისადმი უთბილესი დამოკიდებულებით, ჩემთვის ზედმეტად ყალბია. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ „თვალები ყველაფერს ამბობენ„ მე მათი თეთრი კბილების ზემოთ, ორ, კრიტიკითა და სიყალბით გაჯერებულ თვალებს ვხედავ. ეს კი ყველაზე მეტად მიქმნის დისკიმფორტს.

ავტობუსის მძღოლი. ოოო, ეს არ უნდა გამომრჩეს. ექსკურსიების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელიბა აქვს როგორი მძღოლი შეგხვდება. მე უბედურს არც ამაში გამიმართლა. ორიოდე წუთის წინ დამთავრდა „ბუწილკა„. ახლა სიჩუმეა, მხოლოდ მშობლები ყიყინებენ, და მე ვერ გამირკვევია რა ჯობს, „ბუწილკა„ თუ გამაყრუებლად ბევრი ხმა ერთად. 

ერთადერთი რაც დამრჩენია, ეს ლოდინის რეჟიმია. იაკობის მუზეუმი პირვლად მეც პირველ კლასში ვნახე და ვიმედოვნებ იქაურობა მაინც აღმიძრავს დადებით ემოციებს. ახლა კი წავედი, გემშვიდობები ზედმეტად ფანოღური მუსიკის ფონზე, რომლის მისამღერია „შეყვარებული ვის არ ჰყოლია  მაგრამ საფლავში არ ჩაჰყოლია„………

და აი ავტობუსიც გაჩერდა….