ყვავილების ამყვავებელი 2.

თავს რაღაცნაირად კარგად ვგრძნობდი როდესაც ავუყვებოდი კიბეებს და წარმოვიდგენდი რას აკეთებდა ის ახლა. დამხვდებოდა თუ არა ისევ დიდი სარწყავით ხელში და მეტყოდა გაწელილად -გ.ა.მ.ა.რ.ჯ.ო.ბ.ა. რამოდენიმე დღის წინ, შეხვედრით სასიამოვნოდ გაღიმებულმა, სახლში რომ შევედი დედამ გაკვირვებულმა მკითხა ასე რამ გაგახალისაო, მეც ვერ მოვითმინე და ვუთხარი ჩემი მეყვავილე მეზობლის შესახებ. დედაჩემმა მიყურა, მიყურა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მეუბნება: – კი მაგრამ ხელოვნურ ყვავილებს რატო რწყავს, შტერია? 

გამოვშტერდი, არ დავიჯერე დედაჩემის ნათქვამი რომ ის მწვანე ყვავილები ხელოვნური იყო. მთელი საღამო ვერ მოვისვენე, ბოლოს, ღამის პირველი საათი იქნებოდა ხალათი მოვიცვი, მესამე სართულზე ჩავირბინე და ყვავილებს დავაკვირდი. ხელოვნურისა ისევ ვერაფერი შევატყე, ბოლოს მოტეხვა განვიზრახე და აი მაშინ დავიჯერე დედაჩემის, როდესაც მწვანე პლასმასის ღერო იმის ნაცვლად რომ მოწყვეტილიყო, მკვეთრად გადაიღუნა.

ის ყვავილები მე სულაც არ ამიყვავებია… :დ

გუშინ სახლში ვბრუნდებოდი, რომ მესამე სარულზე შემეფეთა, ხელში სარწყავი არ ეჭირა და გამიკვირდა. მივესალმე და გზა უნდა გამეგრძელებინა, რომ ხელით შემაკავა და მკითხა: – რა გქვია?გაკვირვება არ შევიმჩნიე და საუბარი გავუგრძელე, რომელიც „სასიამივნოა შენი გავნობა-ს„ იქეთ ვერ წავიდა…  

არვიცი ამ ისტორიას  ექნება თუ არა გაგრძელება… ის კი ვიცი, რაიმე თუ მოხდა მე-3 ნაწილიც აუცილებლად დაიწერება.

ყვავილების ამყვავებელი

 სულ რამოდენიმე თვის წინ საცხოვრებელი ბინა შევიცვალე. ამაზე ბლოგიც დავწერე მაშინ… მე და მეზობლები განყენებული თემაა, არ მახასიათებს მეზობლობა რატომღაც. შესაბამისად არცერთ მეზობელს არ ვიცნობ. თუმცა ერთ-ერთმა თავი დამამახსოვრა და ამ ბლოგს სწორედ მასზე ვწერ.

მე მეოთხე სართულზე ვცხვრობ, ის მესამეზე. მაღალი, შავგვრემანი, მხრებში მოხრილი, ეშმაკური მზერით მაცილებს სადაც არ უნდა შემხვდეს. ამასწინათ მასწავლებლისგან მოვდიოდი, საკმაოდ ციოდა, უკვე დაბნელებულიყო და ლამპიონები აქა-იქ ბჟუტავდნენ, ნისლი იყო ჩამოწოლილი და ხელს უშლიდა განათებას. ჩემს სახლთან გრძელი პარკია და იმ პარკს მივუყვებოდი. გარეთ არავინ იყო, პარკში მითუმეტეს. და უეცრად მას ვხედავ, სკამზე ზის, სრულიად მარტო, ხელები ჯიბეში ჩაუყვია და სადღაც, უსასრულობაში, იყურება. ძალიან გამიკვირდა, იმდენად გასული იყო მომსახურეობის ზონიდან, რომ გამარჯობის თქმაც ვერ გავბედე და სწრაფად გავეცალე იქაურობას.

მაშინ, როდესაც სახლში ვბრუნდები და სადარბაზოს კიბეებს ავუყვები ვხედავ დიდი სარწყავით ხელში, დგას და ყვავილებს რწყავს, მე ვეუბნები გამარჯობას, მაგრამ ამ სიტყვა „გამარჯობას„ რაც შემიძლია ვწელავ, ბგერებს შორის სიცარიელეში კი ათი ათასობით სიტყვას ვატევ. საპასუხოდ იგივეს ვღებულობ, „გაგიმარჯოს„. მერე მისი მზერა მიმაცილებს სახლის კარამდე და ასე მეორდება კვირაში სამჯერ მაინც. 

დღეს დილით, სახლში რომ ვბრუნდებოდი რატომღაც მის ფანჯარას შევხედე, შევხედე და რას ვხედავ: შავგვრემანი ბიჭი ფანჯარას სწრაფი ტემპით კეტავს და უჩინარდება. ავდივარ კიბეებზე, თან დანახულს ვიაზრებ და შედეგს ვვარაუდობ. შედეგი გამართლდა. ის იდგა დიდი სარწყავით ხელში და ყვავილებს რწყავდა.

ხოდა ეს ყვავილები მე ავაყვავე შუაგულ დეკემბერში 😋

უნაბომბერი

როგორ იწყებენ წერას ისეთ ქმნილებაზე რომელიც შენზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, შენს ტვინში შემოიჭრება, დალაგებულ იდეებს ერთიხელისმოსმით აგირევს და ისე იმოქმედებს შენს აზროვნებაზე, რომ სამყაროს სხვა რაკურსიდან შეხედავ. ეს ქმნილება ჩემმა მეგობარმა მირჩია – სერიალი „უნაბომბერი„რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა დათვს (დათვი მეგობრის ზედმეტსახელია). სერიალი იმდენად მომეწონა, რომ არ შემეძლო ეს თქვენთვისაც არ გამეზიარებინა. 

კაჩინსკი ნამდვილი პიროვნება იყო, ვისზეც გადაიღეს სერიალი. დიადი იდეალები, განსხვავებული ხედვა, მათემატიკური ტვინი და დაუმირჩილებლობა.არაორდინალური ხედვა იყო იმის მიზეზი, რომ პოლიცია მას ვერ იჭერდა… მაგრამ დაიჭირა.

ერთი წუთით ფოსტაზე დაფიქრდი, ქაღალდი ისე კვეთს კონტინენტებს, როგორც ბგერები ჰაერს. მე შემიძლია კამფეტების შეკვრა გამოგიგზავნო, ამისთვის კი მხოლოდ შეფუთვა და შენი სახელის დაწერა დამჭირდება, შემდეგ მარკებს მივაკრავ და საფოსტო ყუთში ჩავდებ. ეს მუშაობს რადგან ამ ჯაჭვში ადამიანები უტვინო ავტომატებივით მუშაობენ. შეკითხვების გარეშე უარყოფისა და შესვენების გარეშე. ყუთს მოგიტანენ, შენც კი, რომელიც თავისუფლებას მოითხოვ როდესაც ყუთს მიიღებ დამემორჩილები და გახსნი, რადგან შენი სახელი აწერია. ეს შენი ბრალი არ არის, შენ ცხვარი ხარ, ცხვრების საზოგადოებაში ცხოვრობ და მხოლოდ დამორჩილება შეგიძლია. მე კამფეტებს გამოგიგზავნი, უნაბიმბერი კი ბომბს…
მთავარი გმირი (თეოდორ კაჩინსკი) ამ გადახლართული სისტემის წინააღმდეგია, უყვარს სიმარტივე, სიმშვიდე, ცხოველები და უბრალოება.  აცნობიერებს თუ როგორ ითრგუნება ყოველგვარი ბუნებრივი ტექნიკური წინსვლის ფონზე და ამას არ ეპუება.  ერთ-ერთ სერიაში ის ამბობს:

ჯაფარა ეზოში გალობდა, მის გალობაში თავდაჯერებულობა იგრძნობოდა თუმცა მივხვდი, რომ ის მანქანის სიგნალიზაციას ბაძავდა, ვიჯექი, ვუსმენდი საწყალ, სულელ ჩიტს და ვფიქრობდი რა ჩავიდინეთ? სად შევცდით, როგორ მოვედით აქამდე.

კაჩინსკის იდეალები იმდენად ღრმაა, რომ გამომძიებელსაც მოეხვევა გარს,  ისიც გააცნბიერებს თუ როგორი უსუსურები ვართ ჩვენ ამ დიდი სისტემის წინაშე, ის ყვება: 

ერთ საღამოს, მანქანით, სახლში მივდიოდი, ქუჩაში არავინ იყო, საერთოდ არავინ. მე კი წითელ შუქზე ვიყავი გაჩერებუ​​​​​​​​​​​ლი, ველოდებოდი, ვიცდიდი, მანქანებიც კი არ იყო მაგრამ მაინც ველოდებოდი. მაშინ მივხვდი რომ საქმე ტექნოლოგიაში კი არა სისტემაში იყო, თუ როგორ გვაკონტროლებს ის.

საბოლოო ჯამში კი, ყველას გირჩევთ რომ ნახოთ ეს ძალიან მაგარი სერიალი. ვუყურებთ ტელევიზორს, ვჭამთ ნაგავს, სინამდვილეში კი არაფერს ვაკეთებთ  არ ვცდილობთ, რომ გამოვფხიზლდეთ. სერიალმა პირადად მე მწარე სილა გამილაწუნა. ცოტა გამოვფხიზლდი…

უკანმოუხედავად

 ყველაფერს აქვს დასასრული. ამაზე თავიდანვე შევთანხმდით. ადამიანები ეძებენ ერთგულ, გამგებ და თბილ ადამიანებს. ალბათ გეგონა მიპოვე, მართალიც იყავი, შენ იმდენად კარგი იყავი რომ მომიდნა შენთან გამომეხატა ის თვისებები რაც ყველაზე ძვირად ფასობს ადამიანებში. ალბათ იმიტომაც გაგვიგრძელდა საკმაო ხანს ურთიერთობა. სინამდვილეში ყველა ადამიანის შიგნით იმალება ის თვისებები რასაც  „კარგი„ ადამიანასაგან მოველით რათა შემდგომში „ძვირფასიც„ გახდეს ჩვენთვის. უბრალოდ გამოხატვაა ძნელი, ხოდა ღრმა ურთიერთობებიც მაშინ იწყება როდესაც ორ ინდივიდს შორის კარგი თვისებების გამოხატვის სურვილი ჩნდება. და ეს „კარგი„ იმდენი იქნება რომ „ცუდს„ გადაფარავს. ხოდა შენ იყავი ის ადამიანი ვისთანაც კარგობის სურვილი გამიჩნდა, და ალბათ ძვირფასიც გავხდი შენთვის. მერე რაღაც აირია, ნელ-ნელა მიწაზე დავეშვით, ფრთები სადღაც გაქრა და იმ ნაკლოვანებებს ნათელი ვეღარ ფარავდა, რადგან ყველფერი მკაფიოდ გამოჩნდა. აღფრთოვანება ერთფეროვნებამ ჩაანაცვლა, სიღრმე ზედზაპირულობამ , ძნელია ამაზე საუბარი მაგრამ დასასრულს მივუახლოვდით. ეს ან შენი ბრალია ან ჩემი, სულაც ორივესი. მე გამიქრა „კარგობის„ სურვილი, აღარ მინდა ერთგულება, აღარ მინდა დარჩენა. მე მივდივარ…

სამყაროს მოქალაქე

ბუნებამ ადამიანი დიდი ხნის წინ გაანთავისუფლა, მაგრამ მიუხედავად ამისა ადამიანების დიდ ნაწილს მეურვე ყავს, ან მის მოლოდინშია. ძალიან ადვილია უმწიფოდ ყოფნა თუ გაქვს რეცეპტი როგორ გამოაცხო ნამცხვარი, მოძღვარი რომელიც სინდისს მოგიგვარებს, ექიმი რომელიც გიმკურნალებს, მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ დაგჭირდება და გარკვეულწილად ძალიანაც კომფორტულია ასე ცხოვრება. სწორედ ამიტომ ყოველი ადამიანისთვის რთულია გამოაღწიოს მისთვის კომფორტული გარემოდან და დაიწყოს განსჯა. პრობლემა სწორედ ესაა, რომ მან ეს მდგომარეობა შეიყვარა, სულაც არ სურს საკუთარი განსჯის მოხმარება  რადგან მისთვის არავის, არასდროს მიუცია ამის შესაძლებლობა და მისი ბუნებრივი ნიჭის გონებრივი გამოყენება ვერხერხდება, სადღაც იკარგება .  

ადამიანი საკუთარ თავს თვითონ უნდა დაეუფლოს, საკუთარ აზრებს, განცდებს, აღქმას, ემოციებს და თუ ამ ყველაფერს თავისუფალი გონებით ვერ მოახერხებს სწორედ მაშინ დაიბადება პირველი სიყალბე, სწორედ მაშინ გადადგავს მცდარ ნაბიჯს და საკუთარ თავში დაკარგვის წინა პირობას შეიქმნის. ადამიანი ინდივიდია, ვიღაცის მიხედვით ვერ იცხოვრებს. მან მნიშვნელობა უნდა გამოიტანოს იქედან რაც თვითონ განიცადა, გაიფიქრა, აღიქვა, იგრძნო. ამას ვერავინ გასწავლის, თავად, ინდივიდმა უნდა განსაჯო. წიგნი, ფილმები და სხვა თავშესაქცევი მხოლოდ ინსტრუმენტებია საკუთარი თავის პოვნაში დახმარებისათვის.

და აი ის გონება რომელიც დამოუკიდებლად ჭვრეტს მიუკერძოებელია. ასეთი გონება ჭეშმარიტების ძიებაში დიდ სივრცეებს იპყრობს. საინტერესოდ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც აღიქვავს. ის არ არის რაიმე კონკრეტულის წევრი, ის უფრო ღრმაა, ფართოა. ის მთელი მსოფლიოს ნაწილია. სამყაროს ასეთ მოქალაქეობაშია ჭეშმარიტი თავისუფლება! 

დროის სიმძიმე 

ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც დროის სიმძიმეს საკუთარ მხრებზე ვგრძნობთ. ახლა ეგ მომენტი მაქვს. რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით გავაჩერებდი დროს. თანაც ახლა წვიმს, ალბათ ლამაზი სანახავი იქნებოდა, წვიმის წვეთები ჰაერში გაჩერებული… გავაჩერებდი დროს, და მეც მასთან ერთად გავჩერდებოდი. 

დამღლელია ყოველი დღის გაწერილად გატარება. ყოველ საღამოს ახალი გეგმის შედგენა, რათა მომდევნო დღეს დეტალურად შეასრულო ისინი. თანაც ეს გეგმები არა და არ ილევა, გღლის, ყელში გიჭერს და შენს დახრჩობას ცდილობს. დგება მომენტი როდესაც გინდა, რომ გაჩერდე, დაისვენო და ერთადერთ გამოსავალს დროის გაჩერებაში ხედავ.

ჩვენ, ადამიანები მომავლის იმედით ვცხოვრობთ. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღესაც, ანაც, საღამოს, აღმოაჩენ, რომ შენი იმედები ფუჭია. მაშინ როდესაც საკუთარ თავს დროსთან მიმართებაში წარმოიდგენ და იქ შენს ადგილს დაიკავებ, შენ ხვდები, რომ დროის მრუდის რაღაც წერტილში ხარ და ის ბოლომდე უნდა გაიარო. შენ დროის კუთვნილება ხარ და თავზარდაცემული მასში დაუმარცხდბელ მტერს ხედავ. ამ მომენტში აცნობიერებ შენი იმედების არარაობას და ყრუ ტკივილს გრძნობ სადღაც, იმდენად ყრუს, რომ მტკივარ ადგილს ვერ მოძებნი საკუთარ სხეულზე.

გაივლის ეს მძაფრი ფიქრების კორიანტელი და შენში იმედის ნაპერწკლები ნელ-ნელა დაიწყებენ გაღვივებას. ხვალინდელ დღეს დაელოდები, თუმცა შინაგანად გეცოდინება რომ უარი უნდა გეთქვა მასზე.

კ…

შემოდგომის სიგრილეს ნელ-ნელა ეპარება სიცივე, ცისფერი ცა ნაცრისფრად იფერება, ქარი ხეებს ტოტებს ვარცხნის და გზააბნეული ფოთლები ფეხებში მებლანდება. მივდივარ და ვარღვევ ჰაერის ერთიანობას, ვსუნთქავ გაყინულ ჟანგბადს, რომელსაც ჩემი ორგანიზმი ათბობს და ისევ ჰაერის შემადგენლობაში აბრუნებს. 

ირგვლივ შექმნილი ატმოსფერო, მაფიქრებს საკუთარ მარტოობაზე. ქუჩაში არავინაა, რიტმულად მივაბიჯებ ფილაქანზე და ვცდილობ მელოდია წარმოვქმნა. ჩამოწოლილ თეთრ, უსასრულო ნისლში ვხედავ საკუთარ ტკივილებს, რომლებიც დრომ გამიჩინა და ნელ-ნელა უფრო ღრმავდებიან. ასეთ მომენტებში მეპარება სენტიმენტალობა და რეალობას თვალს ვუსწორებ, ეს კი მაშინებს. რეალობა ისეთი შხამიანია ძნელია გაუძლო მის სიმწარეს. მეშინია, და შიშს წინააღმდეგობას ვუწევ, ვეწინააღმდეგები და მეწყება შიშის შიში, რასაც შფოთვამდე მივყავარ.

მაშინ როდესაც შფოთი მოაღწევს შენამდე მიიღე და მიენდე მას. ეს გაანეიტრალებს გრძნობას, რომელიც გტანჯავს. 

მივდივარ და აღარ ვცდილობ სიცივეს გადავაბრალო საკუთარ სხეულში გაჩენილი ყრუ ტკივილი, რადგან საკუთარ თავს ხმამაღლა განვუცხადე: “არაუშავს, იღელვე, მიიღე საკუთარი ღელვა„.  იმის მიღებით რაც ისედაც ხდება სადღაც გაქრა გამუდმებული კონფლიქტი საკუთარ თავსა და გამოცდილებას შორის. მე მივიღე საკუთარი ღელვა და საღელვებელი აღარაფერი დამრჩა. 

ხასიათის პროგნოზი

ცა ნაცრისფრად მოიქუფრა, დროგამოშვებით შუაზე ხლეჩს თეთრი ნათება და ირგვლივ ჩამუქებულ, ნისლჩამოწოლილ არემარეს აშიშვლებს, რასაც მოჰყვება ხმამაღალი, ბუნების გაშმაგებული გრუხუნი. სამყარო გაბრაზებულია და ჯავრს იყრის, ისეთ უმწეო არსებებზე, როგორიც ჩვენ ვართ, ადამიანები. წვიმის წვეთები მსხვილია და დამაბნეველი, რადგან რთულია გამოარკვიო რა ატირებს სამყაროს. ან თუ ტირის რაღატო ბრაზობს, ვეცოდებით? რაიმე ვატკინეთ? იმედები გავუცრუეთ? თუ სამივე ერთად.

ქუჩის ვიწრო ტროტუარს მიუყვება ინა. ცალ ხელში დაკეცილი ქოლგა უჭირავს, ცალი ხელი კი ჯიბეში უდევს. ამინდი მისი ხასიათის ზუსტი გამომხატველია. ბნელი, ცივი და გაურკვეველი. ინამ მის წინ მომავალი ადამიანი შენიშნა და წელში გასწორდა, ფეხები მოიმაგრა, სახეზე შერჩეული მასკა მოირგო და თამამად ჩაუარა. როგორც კი ადამიანს გასცდა, უცებ მოიშალა, ტანი ისევ მოწყდა, ორად მოიკაკვა, ფეხები ერთმანეთში აეხლართა და ყელში რაღაც ბურთი მოაწვა. საჩქაროდ გზას გადაუხვია, ნაგვემი ტანი სახლამდე ძლივს მიათრია, კარი გააღო და ნაცნობ ოთხ კედელს შეეგება.

საკუთარ ოთახში შევიდა, საწოლზე პირქვე დაეცა და დაგუბებულ დარდს პირი მოურღვია. აზრებიც ბუზებივით გამრავლდნენ და აირივნენ, მათ ხმაურიანად შეუტიეს ახალგაზრდას. როგირ გაუძლოს მისმა გულმა ამოდენა ჭირს და ვარამს? როგორ დაალაგოს ამდენი გზააბნეული ფიქრი და შეძლოს აზრის მთლიანი ძაფის აგება? სლუკუნ-სლუკუნით ქვითინებდა, ცრემლები არემარეს ასველებდა, ახალგაზრდა მოიღრუბლა და ნალექიანობამ მასში პიკს მიაღწია. იგი წევს გაუნძრევლად, წევს და გულისცემის შეწყვეტას ელოდება… სწორედ ამის მოლოდინში იყო, რომ ჩაეძინა. 

ამაო ყოფილა სიკვდილის ძებნა, როგორც სიცოცხლის ძებნა ყოფილა ამაო, გაიფიქრა დიდლით გაღვიძებულმა ინამ და დარაბები გამოაღო, გარეთ ცა მოწმენდილი იყო, სამყარო გულუხვად უზიარებდა მზის სხივებს ადამიანებს.

სიჩუმე

თენდება, სიჩუმეს დაუნდობლად არღვევს მაღვიძარას ბგერები, რომლის ხშირი რხევები უხეშად ხვდება სასმენ აპარატს და ხმაურით გამოწვეული დისკომფორტი მაიძულებს თვალები გავახილო. იწყება ახალი დღე, წამი წამზე გაწერილი. დღიურ რუტინას კი საუნდრეკად ადევს ხმაური, ხმაური რომელიც გაიძულებს იფხიზლო, გეხმარება რომ ცხოვრების დროს არ ჩაგთვლიმოს, გაგრძნობინებს რომ ცოცხალი ხარ და რომ შენი სიცოცხლე სხვებსაც ესმით. 

სიჩუმეში ძალიან იშვიათად ვარ და სამყარო ჩემს ირგვლივ სრულიად იცვლება, ცა უფრო ღრმა ხდება, ჰორიზონტი კი უფრო ვრცელი. ჩემს ირგვლივ სამყარო მოძრაობას იწყებს, მთელი ქსოვილით სუნთქავს და გულივით ფეთქავს მარადიული სიცოცხლე. ვაანალიზებ რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. მე კი არ ვსუნთქავ, არამედ ცხოვრება სუნთქავს ჩემში. 

სიჩუმე კი ღამეში ცხოვრობს, მაშინ როდესაც თითქმის ყველა, დამღლელი დღის შემდეგ ბალიშზე თავს დადებს და გაისუსება, სიჩუმე კარს აღებს და ნელ-ნელა ეფინება არემარეს. სიჩუმის უკან კი იმალება ათობით და ათი ათასობით ფიქრი, რომელიც ხმაურმა დააფრთხო და შეშინებულები  ფრთხილად, შემდეგ კი ქაოტურად იწყებენ ფუსფუსს გონებაში. 

სიჩუმე ასევე ხშირად მფარველობს იმ ძალებს, რომლებსაც ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ. რადგან არსებობს რაღაცები რისი გაგონებაც უბრალოდ არ ღირს, სიჩუმეში კი ეს რაღაცები სამარადისოდ იმალებიან. 
დედამიწა სავსეა სიურპრიზებით, ხშირად ეს სიურპრიზები სულაც არ არის სასიხარულო, არამედ პირიქით, დამანგრეველია. სიჩუმეში კი უკეთ ეგუება ადამიანი მოვლენებს. 

ზოგჯერ მინდება გარეთ გავიდე, შუა ქუჩაში დავდგე და უსამართლობის,  დაუნდობლობის, სირთულეების, სისასტიკის, ძალადობის, ფარისევლობის და კიდევ უამრავი სხვა რამის გამო სამყაროს წინაშე პრეტენზია გამოვხატო, მაგრამ აქაც, პირიდან მხოლოდ სიჩუმე ამომდის.

სამყარო იზრდება, ახალ-ახალ ისტორიას თხზავს და დღითიდღე უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ სიჩუმე ყოველთვის უფრო ბევრის მთქმელი იქნება. 

გრძნობებთან ჭიდილი

ჩვენ, ადამიანები ერთი დიდის, მთლიანისა და შეუცნობლის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვაერთიანებთ. გვაქვს გამუდმებული კავშირი ერთანეთთან და ვზემოქმედებთ ერთანეთზე, რის შედეგადაც ჩვენ ვახდენთ ცვლილებებს და შეგვიძლია ერთმანეთის გარდასახვა. ადამანები ვქმნით რთულ სისტემას, ვრეაგირებთ ერმანეთზე და წარმოვქმნით გრძნობებს ერმანეთისათვის. ცნობილია, რომ ადამიანს  5 გრძნობა აქვს, ისინი ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, ბერძენმა არისტოტელემ დაასახელა. ესენია: 

  • სმენა
  • ყნოსვა
  • გემო
  • შეხება
  • მხედველობა

ჩამოთვლილი 5 გრძნობა აქვს ყველა ჯანმრთელ ადამიანს. მაგრამ, არსებობს სხვა გრძნობებიც, რომელიც სხეულით არ აღიქმება და მათი რაოდენობრივი განსაზღვრა შეუძლებელია. ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ გონების მიერ აღქმულნი, როგორიცაა:

  • სიყვარული
  • ბრაზი
  • სინანული
  • შეცოდება
  • ბედნიერება

და არსებობენ ადამიანები რომლებიც საკუთარ გრძნობებს ვერ უსწორებენ თვალს. ეს კი ყოველთვის უბედურების მომტანია, რადგან როგორც ფიზიკური გრძნობების ვერ აღქმა ხელს უშლის ადამიანის ინტეგრირებას საზოგადოებაში, სწორედ ასევე აკნინებს ადამიანის შინაგან სამყაროს გონების მიერ აღქმული გრძნობების დაბლოკვა.

ადამიანს უჭირს გაიაზროს, რომ თითოეული მოვლენა, გარკვეულწილად სამართლიანია, რომ გრძნობები რომლებიც მასში იბადებიან, მცდარი არაა. შესაძლოა არსებობდეს მცდარი საქციელი, ადამიანური ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ გრძნობები რომლებიც სხვათა მიმართ იბადებიან – სიყვარული იქნება თუ სიძულვილი, წარმოუდგენელია იყოს მცდარი. იმას კი რასაც ადამიანები აკეთებენ დღევანდელობაში; გრძნობების ძალდატანებით შეცვლა, ნამდვილად მცდარია და შესაძლოა ითქვას, რომ უნამუსობაც.

ბევრს ჰგონია, თუ გასაქანს მივცემთ ჩვენს გრძნობებს და მყისვე არ ჩავიკლავთ, ისინი ქაოსურად ამოძრავდებიან ჩვენს ტვინებში და კატასტროფას გამოიწვევენ. ჩვენც ვძრწით საკუთარი გრძნობების წინაშე, რადგან ისინი ისე იბადებიან, ჩვენ არაფერს გვეკითხებიან. საზოგადოებაც იგივეს მოითხოვს ჩვენგან, ტირილი ხომ არაკაცურია, ვმალავთ ზიზღს, რადგან ბავშვობაში გვასწავლეს, რომ ზიზღი ცუდია, არ ვაძლევთ სიყვარულს გასაქანს, რადგან ეს ვითარების კონტროლს გამორიცხავს.

სინამდვილეში კი, როდესაც საკუთარ გრძნობებს არ ვიღებთ, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვერ ვაკონტროლებთ თავს. აუცილებელია მივიღოთ საკუთარი გრძნობები და აღვიქვათ ისინი ისევე ბუნებრივად, როგორც გათენება და დაღამება. რადგან ადამიანი რიმელიც კავშირს წყვეტს საკუთარ გრძნობებთან, ცარიელ ნიღაბს ემსგავსება და ის ისეთივე ცარიელია როგორც ფიტული.