👤👣

მაშინ როდესაც ყველაზე ცივი თვე დადგება და ჩემი სხეული სიცივისაგან, სული კი მარტოობისაგან დაიწყებს თრთოლვას, იქნებ გამოჩნდე…

მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ ავაგებ დიდ კარავს ფუმფულა გადასაფარებლისაგან და შიგნით სივრცეს დავტოვებ საკმარისს, რომ შენც დაეტიო, რომ ის მკრთალი ფერები, რომელსაც გადასაფარებელი წარმოქმნის ზევით, ერთად დავთვალოთ…

მაშინ, როდესაც დღიურის წერით დავიღლები და საჩვენებელი თითი ჩამედრიკება, გულდამძიმებული კი ვერ გავიგებ, რაა საშველი იქნებ მოხვიდე და მკითხო, თუ რა მჭირს….

მაშინ, როდესაც გავალ სახლიდან საკმაოდ გვიან და ბნელ ღამეს შევეფარები, ანაც დავტკეპნი იმ გზებს, რომელიც უკვე ათასჯერ გავიარე, იქნებ მოხვიდე და სხვა გზით წავიდეთ…

და თუ გამოჩნდი, ალბათ ბევრ ტკბილს მოვიმარაგებ, რომ დავტკბე. მერე ალბათ ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეზეც დავწერ რამეს, უფრო დიდი კარავის აშენებას ვისწავლი და ძველ გზებსაც დავივიწყებ.

მთავარია მივხვდე, რომ გამოჩნდი.

2018 წლის შეჯამება

რთულია დავიწყო 2018 წლის შეჯამება, მაშინ, როდესაც 31 დეკემბერი წინ არის… ეს წელი უსაზღვროდ დიდი ფაზლივით გამოიყურება – 365 პატარა ნაწილი, რომელიც ერთმანეთს ავსებენ და ერთი ნაწილი, რომელიც ხვალ შეემატება არ მაძლევს სრული სურათის დანახვის საშუალებას, თუმცა რა თქმა უნდა ძირითადი გამოსახულება უკვე ცალსახაა.

2018 წელი მეგობრებთან ერთად დავიწყე და მართლაც უამრავი მოგონებები დაგვიგროვდა 8 ადამიანს, გუნდს რომელსაც „ბომჟები„ დავარქვით. ბომჟები იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად ვგიჟდებით ერთად დალევაზე და „ბომჟებივით„ ხშირად გვიქეიფია. თუმცა წლის ბოლოს რაღაც შეიცვალა, რაც უფრო გვიახლივდებოდა 2019 წელი, მით უფრო იზრდებოდა დისტანცია ჩვენს შორის. არვიცი ეს რისი ბრალია, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, აღადგინო გახლეჩილი 8 ადამიანის ურთიერთობა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა…

მარტივი არც სტუდენტობა ყოფილა, უამრავ უცხო ადამიანში ჩავარდნა ძალიან დისკიმფირტული იყო და არის ჩემთვის. უფრო ბევრი სითბოა სტუდენტებს შორის ერთი შეხედვით, მაგრამ სამაგიეროდ ორჯერ მეტი სიყალბე. ერთისიტყვით თავის დამკვიდრების პროცესი იმდენად საშინელებაა ჩემთვის, რომ ვაღიარებ, მიუხედავად საინტერესო მასალისა მაინც არ მიხარია უნიში წასვლა.

რა თქმა უნდა ცუდთან ერთად კარგიც თან მოიყოლა 2018-მა. ერთმაც და მეორემაც ბევრი რამ მასწავლა, სხვა თვალით დამანახა არსებული რეალობა და ვთვლი, რომ უკეთესობისკენაც შემცვალა.

2018 წელს:

  • დავამთავრე სკოლა.
  • გავხდი სოც. პოლის სტუდენტი.
  • ვიმოგზაურე უკრაინაში.
  • დავიწყე კერვის სწავლა.

რატომღაც გადავიფიქრე დაწვრილებით ჩამომეწერა მომხდური, მაგრამ სიამოვნებით ვიტყვი, თუ რას ველი 2019-ისაგან. მინდა, რომ ჩემი ადგილი ვიპოვო იქ, სადაც თავს დეკორაციის ნაწილად ვგრძნობ, მინდა რომ საკუთარი როლი და ფუნქციები შევიძინო. მინდა, რომ ძველი მეგობრები არ დავკარგო და უფრო მეტი დრო გავატარო მათთან. მინდა, რომ უფრო მეტად ვიყო ბედნიერი და მიხაროდეს ყოველი დილა. კიდევ, ისიც მინდა, რომ არ დავივიწყო აქაურობა და უფრო ხშირად ვწერო.

და ბოლოს, შენ, მკითხველო, ძალიან დიდი მადლობა. იმისათვის, რომ ყველაზე ძვირფასი რამ – დრო, ჩემი პოსტისათვის გამონახე💛

მოგზაური

ეს ჩემი ხელწერაა, მაშინ ვჩნდები როდესაც ადამიანებს ვჭირდები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არასოდეს ვცდები, თითქოს მე-6 შეგრძნება მაქვს, რომელიც მკარნახობს სად ვიგრძნობ თავს საჭირო სუბიექტად. ამით ორ კარგ საქმეს ვაკეთებ, ვეხმარები ადამიანებს რომ თავი მარტო არ იგრძნონ და პირიქით, ამ ადამიანების არსებობა მაიძულებს მჯეროდეს, რომ ჯერ კიდევ წარმოვადგენ რაიმეს. ყველა ადამიანი მასე არაა? სასოწარკვეთას არაფერი გიკლია, როდესაც აცნობიერებ, რომ არავის სჭირდები და ჩვეულებრივი ნაგავი ხარ, რომელიც დედამიწას უბრალოდ ამძიმებს. ასეთი ინფორმაციის გადახარშვის შემდეგ კი უბრალოდ ნიჰილისტი ხდები და ორჯერ უფრო გიმძიმს ყოფიერების ატანა. სცენარს ხშირ შემთხვევაში თვითონ ვწერ და „პაციენტშიც„ მალევე ვხედავ პროგრესს, რომელიც ჩემი თერაპიის შედეგია. ყველაფერი თითქოსდა კარგადაა, თითოს ასე დაწყებული ურთიერთობა უფრო მყარიც უნდა იყოს, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებ… ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს ამის ასახსნელად, მაგრამ განცდა ერთია-არასაჭიროების, ზედმეტობის, შემაწუხებლობისა და უსარგებლობის ნაზავი.

ხოდა მეც მივდივარ არასაჭირო ადგილიდან, სადმე სხვაგან, სადაც ჯერ კიდევ შემეძლება ჩემი ალრტუიზმით სხვები გამოვაკეთო და საკუთარ თავსაც ვუშველო. და ასე გრძელდება დიდი ხანია… უბრალოდ მარტო ყოფნის ჟამს გამკრავს ხოლმე ფიქრი, ნუთუ არ შეიძლება პირიქით მოხდეს და ვინმემ ჩემი დახმარებით იგრძნოს თავი უკეთ, ისიც მაინტერესებს მივცემდი თუ არა წასვლის საშუალებას.

მაგრამ მასე რომ მოხდეს ალბათ მოგზაურობას უნდა შევეშვა…

ძვირფასო მე

ეს წერილი 2017 წლის 31 დეკემბერს მივიღე, ერთი საინტერესო საიტის მეშვეობით, საიდანაც შეგიძლია წერილი ისე გააგზავნო, რომ მისვლის თარიღი წინასწსრ განსაზღვრო. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, უკიდეგანოდ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ამ წერილს აქ და ახლა ვაქვეყნებ…

გწერ 2017 წლის 4 ოქტომბრიდან.

ხატ, ეს მე ვარ ******, ნუ შენთვის გოჭი, 31 დეკემბერი ავარჩიე რატომღაც… ამ წერილით მე იმის შეხსენება მინდა რაოდენ მიყვარხარ (ხო ხედავ სენტიმენტალურიბაც შემიძლია)… ყოველთვის შენ იგონებ მსგავს გასართობებს, თორე აბა ჩემ უაზრიბას გაძლება ხომ უნდა… მოდი დღეს შევეშვები იმას რაოდენ არ მაინტერესებს ახალი წელი და რომ ის ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა(შევეშვები მეთქი და მაინც ტვინი წავიღე) ხოდა, მინდა ჯერ გაამძლეობა გისურვო (ჩემი) ამ ცხოვრების, მერე კიდე ბედნიერება, ბედნიერი ხატია ძალიან მომწონს. ჰო და კიდე ერთი თხოვნაც ბოლოში – არ დატოვო ***** რა…
სიყვარულით შენი გ ო ჭ ი
**** ძალიან უყვარხარ, იმიტომ რომ ამ ზამთარში შენ მისი სითფო ხარ ❤

ბედის ირონიაა, რომ როდესაც წერილი მომივიდა ჩვენს შორის ყველაფერი გამქრალიყო, წავედი და თან გავიყოლე ცივი დღეები. მას რა დავუტოვე მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ 04:20-ზე რომ ეს წერილი გაგახსენდება, დაახლოებით ნახევარი საათი კი მის ძებნაში გაატარებ დროს, მემგონი იმსახურებს აქ დაბინავებას.

I can…

შემიძლია გადავბრუნდე და დავიძინო, 03:19 -ია ხვალ დილით ადრე ავდგე და ცხოვრებაც უფრო ბევრი მოვასწრო, მაგრამ ასე მარტო დარჩენილი-საკუთარ ფიქრებთან და ღამესთან, ბევრად უფრო კარგად ვგრძნობ თავს. თუმცა ხვალ დილით არამგონია ეს კარგი გრძნობა გამყვეს.

შემიძლია ვიყო გულწრფელი და ვუთხრა ყველა ახლობელ ადამიანს, როგორ არარაობად ვგრძნობ თავს, როგორი რთულია ჩემთვის ვიპოვო რაიმე ხელჩასაჭიდი რაც სტიმულს მომცემს, რომ უფრო მეტი მიზეზი მჭირდება ცხოვრებისთვის, ვიდრე ეს დედის და მამის სურვილია, რომ მინდა მეტი ვიგრძნო ვიდრე ეს სევდა და იმედგაცრუებაა. მაგრამ არ ვიქნები გულწრფელი, რადგან შედეგს წინასწარ ვხედავ – ვერგაგებულ და არაფრისმთქმელ სახეებს.

შემეძლო გამომეხატა ის რაც ვიგრძენი, როდესაც მგზავრობისას უცხო ადამიანის ყურსასმენებიდან ჩემი საყვარელი სიმღერის ხმა გავიგონე და მეთქვა რა კარგი გემოვნება აქვს (ჩემი გადმოსახედიდან „კარგი„) ან მივსულიყავი ქუჩის მუსიკოსთან რომელიც ყოველთვის ერთი და იმავე ქუჩაზე მღერის და მეთქვა როგორ მოქმედებს ჩემს ნერვულ სისტემაზე მისი ხმა. მაგრამ არც ეს გავაკეთე, ამის მიზეზი ალბათ ის ჩარჩიებია რომელშიც საზოგადოების წევრები მოვექეცით, რომ თითქოს ქუჩაში მყოფი უცხო ადამიანების პირად სივრცეში შებიჯება არაადეკვატურია, სირცხვილია ან სულაც სიგიჟეა.

ბევრი რამ შემიძლია და არ ვაკეთებ, სწორი მგონია მაგრამ ვგრძნობ, ხვალ არასწორად მივიჩნევ. ღამეც თავისას შვება, ახლა კი მართლა დავიძინებ.

ინტერვალი

როდესაც დატვირთული დღის სიმძიმე არ მაძინებს, მშვენიერი გამოსავალია შემოვიდე აქ და დავწერო რაიმე კარგზე… ბევრი ფიქრი არ დამჭირდა “კარგის” საპოვნელად. მიყვარს ყველაფერი ქართული, ბევრი რამე გვაქვს ისეთი, რაც დიდი ისტორიისაა და შესაბამისად უფრო ღირებულია, მაგალითისთვის მახსენდება: ღვინო, არქიტექტურა, ანბანი, ცეკვა… მაგრამ, სუსტი მხარეებიც გვაქვს. სისუსტე სულაც არაა ნაკლი, რადგან შესაძლებელია სიძლიერედ ვაქციოთ. შორიდან მოვუარე და მივედი სათქმელამდე, ძალიან მიყვარს ქართული მუსიკა და ყოველთვის ვადევნებ თვალს. არა რომელიმე კონკრეტულ ჟანრს, არამედ ყველაფერს, ხატია წერეთელით დაწყებული, ბუნიათიშვილით დამთავრებული. ხოდა თანამედროვე  ქართული მუსიკა, რაც ერთი შეხედვით სუსტია “წერეთლების”, “თედიაშვილებისა” და “ჩხეიძეების” ფონზე, აქა-იქ გამოანათებს ხოლმე “გოგიტიძეებით”, “ყანჩელებით” და  “დიასამიძეებით”.

ხოდა დღეს ერთ-ერთ გამონათებაზე მინდა დავწერო. გუშინ ვიპოვე ეს ჯგუფი, სახელად – “ინტერვალი”, პიარისთვის არავის დავუქირავებივარ, უბრალოდ იმდენად მომეწონა, მინდა გაგიზიაროთ.

giphy

და თუ შენს თავში ფიქრები გაბლანდულია და თანაც, ნეირონული ქსელებით გაბმულია, ყოველდღიური ფერიცვლის მორევში უცებ გაჩნდება შენს ფლეილისტში “ინტერვალი” და ის ოთხი მუსიკა, რომელიც სულ დიდი 5 თვეა რაც დაიბადა, შენს გონებაში შემოიჭრება და თანაც, ისე შემოიჭრება, რომ მათ მუსიკებს შორის ინტერვალი დღითიდღე შემცირდება. თუ “გაგიმართლათ” და ჩემნაირი მსმენელი ხართ, იმდენჯერ მოუსმენთ სანამ ტვინის უჯრედები არ გაგეხეხებათ.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სამყაროში გაცილებით უფრო ნაკლებად გვიწევს ფიზიკური ლოდინი, რადგან განვვითარდით ასე თუ ისე და წერილი ესემესმა ჩაანცვლა, ცხენი მანქანამ, ბიბლიოთეკა გუგლმა, ჟეტონები ბარათებმა (მეტროში) და ა.შ მაინც გამუდმებით ველოდებით ვიღაცას ან რაღაცას ცხოვრებისაგან. და კი, დამღლელია გამუდმებული ლოდინის რეჭიმი, ალბათ მაგიტომაც შემოეწერათ ასეთი სიმღერა…

31 ოქტომბერს, 6 საათზე მათი კონცერტი იმართება, თსუ-ს სააქტო დარბაზში, ხოდა ძალიან მაინტერესებს როგორი საღამო გამოვა, დასწრება თავისუფალია და იქნებ მოხვიდე კიდეც…

ტანი ეხება და ჰყვება ხმას, ეს ხმა ამ ტანის ფორმას ჰგავს, ბგერები ეხებიან კანს და ტოვებენ დახორკლილ კვალს.

და ბოლოს, გემრიელი ლუკმა შემოვინახე, ალბათ სიყვარულის მერე ზღვაზე თუ დაუწერიათ მუსიკოსებს სიმღერები, ვაჭა ფშაველა კარგად გამოხატავს ზღვის სიდიადეს როდესაც ამბობს – ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავსო.

ხოდა ჩემო მკითხველო, შენთან დავტოვე ჩემი ჩაფიქრებული ცა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ მემგონი დავბრუნდი და გიტოვებ მუსიკალურ ზღვას, შემდეგ პოსტამდე ❤

წუხილი არ შველის

თვალშისაცემია ოცდამეერთე საუკუნის ქართველი ახალგაზრდობა, როგორი სევდიანია, როგორი დეპრესიული, ალბათ ამიტომაც მოსწონთ განსაკუთრებით ფოლკნერი, ჰემინგუეი, კაფკა.. ერთნი დამძიმებულები დადიან გრძნობებისაგან, ფიქრებისაგან, სევდისაგან და ეძებენ ვინმეს ვინც მათ გაუგებს. თითქოს დეპრესია მოდაში შემოვიდა, მაგრამ მოდას ის უძლებს, რაც მოთხოვნადია. ფაქტია, რომ რაღაც ძალიან გვაწუხებს, ვზივართ „ყაყში„ და ვერაფერს ვცვლით უკვე მერამდენე წელია. დღეს ორი ახალგაზრდა ადამიანის თვითმკვლელობის შესახებ გავიგე, ყველა ერთბაშად ალაპარაკდა, საყოველთაო დატირება გაიმართა Facefook-ზე, თანაც მერამდენე. საინტერესოა რამდენჯერ უნდა გაგვილაწუნონ, რომ გამოვფხიზლდეთ, რამდენი ადამიანი უნდა შევიწიროთ, რომ აზროვნება შეგვეცვალოს.

დღეს 16 წლის თამარ მახარაძემ მოიკლა თავი, რადგან მასზე 22 წლის მამაკაცმა ფსიქოლოგიურად იძალადა! მსხვერპლს ინტიმური ხასიათის ფოტოები და ვიდეობი გააგზავნინა, შემდეგ კი მათი გამოქვეყნებით ემუქრებოდა. პატარა გოგონამ კი გამოსავალი თვითმკვლელობაში ნახა, რადგან ამ ყველაფრის საჯაროობას სიკვდილი არჩია. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ რასაც საზოგადოება დამართებდა მას, სიკვდილზე უარესი იქნებოდა.

ასევე დღეს დაასრულა სიცოცხლე, საკუთარი ხელებით, მათე კვარაცხელიამ. საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა თავისი ფოტო და თან დაურთო ერთ-ერთი ბლოგერის ჩანახატი.

გამოქვეყნებული პოსტი:https://m.facebook.com/story.php?story_fbid=686835255007096&id=100010418821202

ჩანახატის მისამართი: ხვალ შეიძლება აღარც ვიყო

სუიციდი მართლაც რომ უდიდესი ტრაგედიაა, რამოდენიმეჯერ წავიკითხე ტექსტი და ეს ვერაფერს ხსნის, მხოლოდ დაზომბირებული საზოგადოება მიზეზი ვერ იქნება, რაღაც უფრო დიდი იმალება. დიდი ალბათობით დეპრესიისაგან იტანჯებოდა, რასაც სჭირდება ანტიდეპრესანტები, რისი კულტურაც საქართველოში ზოგადად არ არის. ანაც სხვა მიზეზი რომელსაც ჩვენ ვერ დავადგენთ, მაგრამ შეგვიძლია მსგავსი ისტორიები აღარ შევქმნათ ჩვენს გარშემო.

  • უკეთესი მშობლები გავხდეთ, უფრო ყურადღებიანები და სამაგალითოები. არ გავზარდოთ მოძალადეები რომლებიც სხვის შვილებს სიცოცხლეს მოუსწრაფებს და უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ რათა მათი ჩიხიდან გამოყვანა შევძლოთ.
  • უკეთესი მეგობრები ვიყოთ, თბილები, ვაგრძნობინოთ ადამიანებს, რომ ძვირფასები არიან ჩვენთვის და მნიშვნელოვნები. გაჭირვებაში როდესაც აღმოჩნდებიან, ხელი არ ვკრათ და დავეხმაროთ.
  • უკეთესი დები და ძმები ვიყოთ…
  • უკეთესი მასწავლებლები, ტოლერანტობა ჩავუნერგოთ ახალგაზრდებს რათა ისეთები მივიღოთ ერთმანეთი, როგორებიც სინამდვილეში ვართ.
  • უკეთესი მეზობლები ვიყოთ, სხვისი ცხოვრება ფეხებზე დავიკიდოთ და საკუთარს მივხედოთ.

უკეთესები გავხდეთ💓

უბედურების მოლოდინში

“ცუდი“ და “კარგი“ ძალიან ზოგადი სიტყვებია და მათი მნიშვნელობა იმდენად ფართოა, რომ ხშირად დამაბნეველიც კია. მიუხედავად ამისა, მაინც ამ სიტყვებს გამოვიყენებ. ამ სამყაროში ცუდს ყოველთვის ანაცვლებს კარგი და პირიქით. ეს იმდენად გამიჯდა ტვინში, სისხლში, მთლიანად სხეულში, რომ გამუდმებით ვცდილობ განვსაზღვრო რომელ პერიოდში ვარ ახლა და წინ რა მელის. საკუთარ უბედურებას წინასწარ ვგრძნობ და საშინელი გრძნობაა, როდესაც არ შეგიძლია შეაჩერო. მაგ დროს საკუთარ თავზე დიდად არც გეფიქრება, გირჩევნია შენ გარდაიცვალო ვიდრე საყვარელი ადამიანების ტკივილს ჩახედო თვალებში.

ახლობელი ადამიანის ტკივილი უფრო მწარეა ზოგჯერ, ვიდრე საკუთარი.

ანაც…

ტკივილი ვინმეს საკუთრება სულაც არაა და მას საკუთარი გამზიარებლები ჰყავს.

საკუთარი ცხოვრების პერიოდები კარგად შევისწავლე. 2015 წელს, როდესაც ავარიაში მოვყევი, დღემდე მახსოვს ძალიან უცნაური გრძნობა, საკმაოდ სასიამოვნო – ვგრძნობდი, რომ „ცუდი„ გადავლახე და კიდევ ცოტა ხნით მაინც „კარგის„ დრო მოდიოდა. ამაზე არასდროს მისაუბრია, და ვფიქრობდი, რომ სულელური ფიქრები იყო, რომ რაღაცებს ვაბუქებდი, მაგრამ დღეს Fcebook-ს ვსქროლავდი, რომ ერთ-ერთი გვერდის პოსტი ამიმიგდო, წარწერით:

უბედურების მოლოდინი უფრო მწარეა, ვიდრე თვით უბედურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო აღარ უჩანს ამ განსაცდელსა და შიშს.

დანიელ დეფო

როდესაც ეს წავიკითხე, ძალიან გამიხარდა, რომ ეი. ეს ბუნებრივია, რომ ადამიანები წინასწარ განიცდიან მოსალოდნელ უბედურებას. ბოლო ერთი კვირაა ნორმალურად არ მძინავს, განვიცდი რაღაც არარეალურს, მინდა ამაზე ვინმეს ვესაუბრო და მან დამამშვიდოს, მაგრამ ვიცი რომ ვერავინ გამიგებს, დედას შევაშვინებ. ამიტომაც მემგონი აქ, ამის დაწერით რაღაც მომეშვა.

ჩემი დაბადება🌠

29 ივლისი დაიწყო, დაიწყო და თანაც როგორ… ეს ის დღეა როდესაც კიდევ უფრო ვხვდები, რომ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობრები არიან. ვერანაირი სხვა მათ ვერ ჩაანაცვლებს, როგორ ვცდილობ ვიყო მეც კარგი მეგობარი, არ ვიცი რამდენად გამომდის, თუმცა ვაღიარებ რომ ძნელია. ახლა სოფელში ვარ და ჭრიჭინებმა აიკლეს აქაურობა (სასიამოვნოდ)😛

მეორე წელია რაც ჩემს დაბადების დღეს ბლოგთან ერთად ავღნიშნავ. ვორდპრესმა მომიშინაურა და იმდენად მიყვარს ეს ადგილი სიტყვებით ვერ „გადმოვსთქვავ„. აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც არასოდეს მყავს ნანახი და ისიც კი არ იციან, რომ ვიცნობ. მათი, ანუ თქვენი ამბები ისევე მაინტერესებს როგორც საკუთარი მეგობრების ისტორიები. თქვენგან ბევრს ვსწავლობ და ბევრსაც ვიგებ.🌟🌟🌟🙈

როგორი იყო 17 წლის ხატია. ალბათ ძალიან დაღლილი, უძილო, მშვიდი და შინაგანად აბობოქრებული. წელს ძალიან ბევრი ნაოჭი გაიჩინა ტვინზე, მოიშორა ეროვნულები და მის პასუხებს დღემდე მოუთმენლად ელის.

ჩვიდმეტი წლის ასაკში…

  • გავუშვი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი კუ, რომელიც ცუდათ გამიხდა და მის ასეთ მდგომარეობას ვეღარ ვუყურებდი. ორ წლიანი ურთიერთობა ამით შეწყდა.
  • ვიყავი ყველაზე დალაგებული, თითოეული დღე გაწერილი მქონდა და ერთფეროვნების აღზევება იყო მთელი წელი.
  • ვიყავი მკითხავთან :დდდ „ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო„ – გულში ამ სლოგანით. ბევრი ვიხალისე და არ ვნანობ.
  • მივხვდი, რომ არ ვარ დომინანტი ადამიანი. სიგარას ვგავარ: უნდა მომქაჩო, რომ კარგად ავენთო.
  • საყვარელი მასწავლებელი ვიპოვე – ჩემი უნარების მასწავლებელი. ჩემთვის ნამდვილი მაგალითია 💙 იმდენად კარგია, რომ მათემატიკით დამაინტერესა :დ
  • გამოვცადე ბანკეტი საკუთარ თავზე და დიახ, მაგარი ბანძობაა.
  • გავიცანი სალომე, რომელიც ნამდვილი შენაძენია – უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანი.
  • ჩემში პატრიოტოზმის გრძნობამ და ოკუპანტი ქვეყნის სიძულვილმა პიკს მიაღწია მას მერე, რაც ისტორიით გადავწყვიტე ჩამებარებინა.

ხო და… მემგონი გავიზარდე 😽🌸

უცნაური ამბავი

უცნაური ამბავი უნდა მოგიყვეთ, კაცზე როემლიც თუთიყუშად გადაიქცა, ხომ, არ მოგესმათ. 1589 წლის მაისში მოევლინა სამყაროს ქერა, ხუჭუჭა ვაჟი, რომელიც გიჟდებოდა ზღვის სანაპიროზე, ცურვაზე, ცხელ კენჭებზე სიარულისას გამოწვეული ფეხისგულების წვა და უეცარი შვება, რომელსაც წყალი ჰგვრიდა – აგიჟებდა. ტროპიკული მცენარეები იზიდავდა და სახლში, უკვე მოზრდილს, საკმაოდ ხარისხიანი კოლექცია ჰქონდა მცენარეებისა. სწავლა დიდად არ გამოსდიოდა, ამიტომაც ზღვას ვერ უღალატა და მეზღვაურობა გადაწყვიტა, რომელიც ნამდვილად მისი პიროვნების შესაფერისი საქმე იყო. 1606 წელს ივლისის მშვიდი საღამო იყო, როდესაც 17 წლის ახალგაზრდამ პირველად შეცურა ღრმად. აღფრთოვანებული და ოცნებებით აღსასვსე ბიჭი ვერ ბედავდა შორ მოგზაურობაში წასვლას. ძნელია დატოვო საკუთარი მიწა სადაც ფეხი აიდგი, ნაცნობი სახეები რომლებისაც უსიტყვიდ გესმის, ნოტიო ჰავა, რომელიც კანში გაქვს გამჯდარი და საკუთარი თავი, რომელიც გაუბედავია, სტაბილურობასაა შეჩვეული და სიახლეებს უფრთხის. მაგრამ ეს მაინც მოხდა, 21 წლის ასაკში ინგლისელ მეზღვაურებს გაჰყვა ამერკაში. ახალ სამყაროს მთლიანად მოეცვა მისი გონება, თითქმის 1 წელი ხმელეთი არ ენახა, ჩამოხმა და დაილია. ეკიპაჟის ნახევარი გაუსაძლისმა პირობებმა შეიწირა, ნაწილი კი დაავადებებმა. სასწაულებრივად გადარჩა და ერთ საშინლად ლამაზ საღამოს, მაშინ როცა ყველაზე ლამაზ ფერს იღებს ცა – ხმელეთი გამოჩნდა!

უცხო ტომები რომელებსაც ხშირად შეხვდებოდით ახალ სამყაროში, სრულიად განსხვავდებოდნენ თანატომელებისაგან, ზოგი კანიბალი იყო, ზოგიც ფეტიშიზმის მიმდევარი. განსხვავებული კულტურები ახალ სამყაროს მრავალფეროვნებას განაპირობებდა. ადგილობრივებს წითელი კანი, მბზინავი თმა და იდუმალი ბნელი თვალები ჰქონდათ. ახალჩასულმა ლამაზი კარავი გაშალა და ახალი „მე„- ს შექმნა დაიწყო. ირგვლივ ულამაზესი ბუნება საშუალებას არ აძლევდა ძველი სახლი მონატრეოდა. ხილ-ბოსტანიც მალე ააყვავა, ნადირობდა და თავს საკუთარი შრომით ირჩენდა.
კოლონისტები ინდიელებს სამხრეთით დევნიდნენ და მათ მოკვლასაც არ ერიდებოდნენ. 23 წლის იყო როდესაც ველურ სიმინდს კრეფდა ტყეში, უეცრად თვალი მოკრა თითქმის შიშველ ქალს, რომელიც კოლონისტებისთვის მახეს აგებდა. ბიჭი უახლოვდა და თან ფიქრობდა როგორ დალაპარაკებოდა, რომ არ დაეფრთხო. ქალი უეცრად შემობრუნდა და გაქცევა დააპირა რომ საკუთარ დაგებულ მახეში თვითონვე აღმოჩნდა გაბმული. რაც გინდათ ის უწოდეთ ამ შემთხვევას, გინდ ბედი და გინდაც გამრთლება, მაგრამ ფაქტია ამის შემდეგ ორი ბედნიერი ადამიანი შეემატა დედამიწას.

მათი შეხვედრები ფარული და ვნებიანი იყო, ხშირი და დაუვიწყარი. ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ და ის დანაშაული, რომელიც მათ მიუძღოდათ საკუთარი ხალხის წინაშე, კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდათ.

რამოდენიმე თვის შემდეგ, ქალი გაუჩინარდა.

თუ კი ცხოვრებაში მონაწილეობ, მას ნათლად ვეღარ ხედავ: ან მეტისმეტად გტანჯვს, ან მეტისმეტად გახალისებს. ხალისის დრო დამთავრდა და სიმართლე სადღაც დაეკარგა კოლონისტს. ლამაზი თუთუყუში დაიჭირა და ერთადერთ მეგობრად გადაიქცა მისთვის. ჩიტი მისი ერთადერთი სიყვარული იყო, მას თავისი დაკარგული სიყვარულის სახელი ასწავლა და ეს სახელი დღეში ასჯერ გაისმოდა. უცნაური ხმით წარმოთქმული სავარელი ადამიანს სახელის გაგონებაზე პატრონს სიხარულისგან ათრთოლებდა; საფლავიდან ამოსულ ხმას ამსგავსდბდა, იდუმალსა და ზეადამიანურს. მარტოობამ მას წარმოსახვა გაუმძაფრა და თუთიყუშმა მის გონებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. დიდი პატივისცემით ეპყრობოდა, საათობით იჯდა და უყურებდა – აღტაცებული და გარინდებული. ეს უცნაური, ჩაკეტილი ცხოვრება დიდხანს გაგრძელდა თუმცა ერთ დღეს მეზობლებმა შენიშნეს, რომ იგი ჩვეულებრივზე მეტად მოღუშული იყო და თვალები სულ ჩაშავებოდა. თუთიყუში მომკვდარიყო.

კაცი, რომელსაც საუკეთესო მეგობარიც მოუკვდა, სულ მარტო დარჩა, სულ უფრო და უფრო იკეტებოდა თავის ნაჭუჭში. რასაც მიუტანდნენ იმას ჭამდა მაგრამ ყურადღებას არავის აქცევდა. თანდათან დაიჯერა, რომ თვითონაც თუთიყუშად იქცა. თითქოსდა მკვდარი ჩიტის მიბაძვით ამოიჭყიპინებდა ხოლმე იმ სახელს, რომლის გაგონებაც ასე უყვარდა. თუთიყუშივით სიარულს ცდილობდა, ხან რაზე ჩამოჯდებოდა, ხან რაზე. მკლავებს ისე შლიდა გეგონება ფრთები ააშრიალაო. წყალს ისე არ გადაყლაპავდა თავი მაღლა რომ არ აეწია, ცდილობდა ჩაკუზული დაეძინა, სანამ ფეხები არ დაეღლებოდა და გათიშულს არ ჩაეძინებოდა.

ერთ დილას, კაცი ხეზე დასკუპებული იპოვეს, ვერაფრით ვერ დაიყოლიეს ჩამოსულიყო, სანამ ერთ-ერთმა არ მოიფიქრა და მართულისაგან გალიისმაგვარი არ შეკრა. ამის დანახვაზე უბედური მონომანიიკი ჩამოცოცდა და დაიჭირეს.

ყველანი გალიაში გამომწყვდეული ჩიტები ვართ და ცხოვრება ყველაზე მძიმედ იმას აწევს, ვისაც დიდი ფრთები აქვს.