ეს ჩემი ხელწერაა, მაშინ ვჩნდები როდესაც ადამიანებს ვჭირდები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არასოდეს ვცდები, თითქოს მე-6 შეგრძნება მაქვს, რომელიც მკარნახობს სად ვიგრძნობ თავს საჭირო სუბიექტად. ამით ორ კარგ საქმეს ვაკეთებ, ვეხმარები ადამიანებს რომ თავი მარტო არ იგრძნონ და პირიქით, ამ ადამიანების არსებობა მაიძულებს მჯეროდეს, რომ ჯერ კიდევ წარმოვადგენ რაიმეს. ყველა ადამიანი მასე არაა? სასოწარკვეთას არაფერი გიკლია, როდესაც აცნობიერებ, რომ არავის სჭირდები და ჩვეულებრივი ნაგავი ხარ, რომელიც დედამიწას უბრალოდ ამძიმებს. ასეთი ინფორმაციის გადახარშვის შემდეგ კი უბრალოდ ნიჰილისტი ხდები და ორჯერ უფრო გიმძიმს ყოფიერების ატანა. სცენარს ხშირ შემთხვევაში თვითონ ვწერ და „პაციენტშიც„ მალევე ვხედავ პროგრესს, რომელიც ჩემი თერაპიის შედეგია. ყველაფერი თითქოსდა კარგადაა, თითოს ასე დაწყებული ურთიერთობა უფრო მყარიც უნდა იყოს, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებ… ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს ამის ასახსნელად, მაგრამ განცდა ერთია-არასაჭიროების, ზედმეტობის, შემაწუხებლობისა და უსარგებლობის ნაზავი.

ხოდა მეც მივდივარ არასაჭირო ადგილიდან, სადმე სხვაგან, სადაც ჯერ კიდევ შემეძლება ჩემი ალრტუიზმით სხვები გამოვაკეთო და საკუთარ თავსაც ვუშველო. და ასე გრძელდება დიდი ხანია… უბრალოდ მარტო ყოფნის ჟამს გამკრავს ხოლმე ფიქრი, ნუთუ არ შეიძლება პირიქით მოხდეს და ვინმემ ჩემი დახმარებით იგრძნოს თავი უკეთ, ისიც მაინტერესებს მივცემდი თუ არა წასვლის საშუალებას.

მაგრამ მასე რომ მოხდეს ალბათ მოგზაურობას უნდა შევეშვა…