“ცუდი“ და “კარგი“ ძალიან ზოგადი სიტყვებია და მათი მნიშვნელობა იმდენად ფართოა, რომ ხშირად დამაბნეველიც კია. მიუხედავად ამისა, მაინც ამ სიტყვებს გამოვიყენებ. ამ სამყაროში ცუდს ყოველთვის ანაცვლებს კარგი და პირიქით. ეს იმდენად გამიჯდა ტვინში, სისხლში, მთლიანად სხეულში, რომ გამუდმებით ვცდილობ განვსაზღვრო რომელ პერიოდში ვარ ახლა და წინ რა მელის. საკუთარ უბედურებას წინასწარ ვგრძნობ და საშინელი გრძნობაა, როდესაც არ შეგიძლია შეაჩერო. მაგ დროს საკუთარ თავზე დიდად არც გეფიქრება, გირჩევნია შენ გარდაიცვალო ვიდრე საყვარელი ადამიანების ტკივილს ჩახედო თვალებში.

ახლობელი ადამიანის ტკივილი უფრო მწარეა ზოგჯერ, ვიდრე საკუთარი.

ანაც…

ტკივილი ვინმეს საკუთრება სულაც არაა და მას საკუთარი გამზიარებლები ჰყავს.

საკუთარი ცხოვრების პერიოდები კარგად შევისწავლე. 2015 წელს, როდესაც ავარიაში მოვყევი, დღემდე მახსოვს ძალიან უცნაური გრძნობა, საკმაოდ სასიამოვნო – ვგრძნობდი, რომ „ცუდი„ გადავლახე და კიდევ ცოტა ხნით მაინც „კარგის„ დრო მოდიოდა. ამაზე არასდროს მისაუბრია, და ვფიქრობდი, რომ სულელური ფიქრები იყო, რომ რაღაცებს ვაბუქებდი, მაგრამ დღეს Fcebook-ს ვსქროლავდი, რომ ერთ-ერთი გვერდის პოსტი ამიმიგდო, წარწერით:

უბედურების მოლოდინი უფრო მწარეა, ვიდრე თვით უბედურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო აღარ უჩანს ამ განსაცდელსა და შიშს.

დანიელ დეფო

როდესაც ეს წავიკითხე, ძალიან გამიხარდა, რომ ეი. ეს ბუნებრივია, რომ ადამიანები წინასწარ განიცდიან მოსალოდნელ უბედურებას. ბოლო ერთი კვირაა ნორმალურად არ მძინავს, განვიცდი რაღაც არარეალურს, მინდა ამაზე ვინმეს ვესაუბრო და მან დამამშვიდოს, მაგრამ ვიცი რომ ვერავინ გამიგებს, დედას შევაშვინებ. ამიტომაც მემგონი აქ, ამის დაწერით რაღაც მომეშვა.