წერას დავიწყებ ერიხ მარია რემარკის ცნობილი გამონათქვამით: “მარტოობა ცხოვრების  მარადიული რეფრენია დასაბამიდან” მართლაც, ადამიანებს ხშირად გვიჭირს გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ამხელა სამყაროში სრულიად მარტონი ვართ. ხშირად ვიქმნით ილუზიებს, საკუთარ თავს ვაჯერებთ, რომ ერთმანეთი გვყავს, მაგრამ მაშინ, როდესაც რთულ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში ჩავვარდებით, გვიწევს თვალი გავუსწოროთ რეალობას. რეალობას, სადაც უკიდეგანო სივრცეში თითქოს იკარგები, გცივა და გვერდით არავინ გყავს, რომ გაგათბოს.

მარტოობა და მარტოდ ყოფნა განსხვავებული ცნებებია, მარტოობა მრავალი სახის არსებობს, როგორებიცაა ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და სხვა. მარტოობას ადამიანების უმრავლესობა მაშინ განიცდის როდესაც ცუდ გუნებაზეა, ანაც პრიქით, მარტოობის განცდა აყენებს მათ ცუდ გუნებაზე. ერთი ესპანური ანდაზა მახსენდება “No hay mal que por bien no venga” ანუ  „ ცუდი არ არის კარგი რომ არ მოყვეს“ შესაბამისად, მარტოობას აქვს თავისი უპირატესობები და ჩვენ, ადამიანებმა, რომლებსაც გამუდმებით გავშინებს მარტოობა, უნდა ვეცადოთ და მასში კომფორტის ზონა აღმოვაჩინოთ.

მარტოობის შიშს რეალურად საკუთარი თავის გამოკვლევის “არ სურვილი” იწვევს, ალბათ ეს “არ სურვილი” გამომდინარეობს დისკომფორტიდან, რომელსაც მარტო ყოფნისას საკუთარ თავზე ფიქრის დროს განვიცდით. ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანი ხომ ძალიან რთული არსებაა, რომელიც გამოირჩევა ინდივიდუალიზმით. ხშირად გამიგია ფრაზა: “ადამიანი ამოუცნობია” და კიდეც ისიც: “საკუთარ თავს ვერ ვუგებ”. ვფიქრობ, საკუთარ თავს ის ადამიანები ვერ უგებენ ვისაც მარტოობა დიდ კატასტროფად ეჩვენება და ჯერ კიდევ არ იცის მისი უპირატესობების შესახებ. რაც შეეხება ადაიანის ამოუცნობობას, ეს მართალია, სხვები ვერასოდეს გაგვიგებენ ბოლომდე, საკუთარ თავს თვითონ უნდა ჩავწვდეთ და ამით თავს გაცილებით უკეთ ვიგრძნობთ.

აქედან გამომდინარე, არ გაექცეთ მარტოობას, თვალი გაუსწორეთ მას და შეიგრძენით მისი მტკივნეული მშვენიერება. ჩვენ ყოველთვის მარტო ვართ, რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უფრო ნაკლები ტრაგიზმი იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ❤