ეს ლექსი ინტერნეტში აღმოვაჩინე, ერთმა წაკითხვამ არ დამაკმაყოფილა, ძალიან ბევრჯერ წავიკითხე და თითოეული გადაკითხვისას ახალ ნიუანსებს ვპოულობდი. თამამად შემიძლია ვთქვა, თანამედროვე ქართული პოეზიის ნამდვილი შედევრია! ასე ოსტატურად ფლობდე ენას, ნამდვილად იშვიათობაა. სამწუხარო ისაა, რომ დათო ბარბაქაძე არაა ჩართული ჩვენს კულტურულ პროცესში, რაღაც დაფარული მიზეზის გამო… “საკუთარი თავის მიმართ”

შეგიძლია სტაბილურად კვდებოდე ყოველდღე

და წარსულს მიწაზე ანარცხებდე ბურთივით

ან მყიფე ფორმებივით, ასევე ყოველდღე,

მაგრამ უნდა შეგეძლოს,

არც ერთ შენს ასაკში,

ერთდროულად მიწაზეც იდგე და სწრაფცვალებად ნორმებსაც იცავდე.

შეგიძლია აღრმავებდე ურთიერთობებში გაჩენილ ბზარებს

და ეს საქმე უფრო გშველოდეს, ვიდრე ხსოვნაში დალექილი ურთიერთობები,

მაგრამ არ უნდა შეგეძლოს ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,

რომ ერთ ადამიანს შეუძლია ჭკუიდან გადაცდეს ორჯერ ან მრავალჯერ.

შეგიძლია რაღაცას ებრძოდე და ბრძოლას მას მერე უფრო განაგრძობდე,

როცა აღმოაჩენ, რომ ეს შენი ბრძოლა ვიღაცეებს საგანგაშოდ ახარებთ, აწყობთ,

მაგრამ არ უნდა შეგეძლოს, ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,

რომ ერთგულებამ შეიძლება იყვავილოს ორჯერ ან მრავალჯერ.

შეგიძია ზურგში სწვდე შენს თავს და აჩქარებით შეაგდო სიზმარში,

რომელმაც ვერ უნდა განმარტოს ცხოვრება,

ვერ უნდა დაიცვას უპატრონო შენი მიგნებები იმათგან–გაბოროტებული ხალხისგან,

მაგრამ არ უნდა შეგეძლოს ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,

რომ ერთი კაცის ცხოვრებაში სიყვარული შეიძლება არსებობდეს ორჯერ ან მრავალჯერ.

შეგიძლია ამტკიცო ყოველდღე, რომ რაც აქ ხდება,

ის ხდება ყველგან,

რომ ყველა ადგილი, რომელსაც შევეხეთ, ღმერთისგან მიტოვებულია,

მაგრამ არ უდნა შეგეძლოს, ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,

რომ შეიძლება რამდენჯერაც მოგინდება, შეიცნო იმდენჯერ.

შეგიძლია ახვიდე ქვეყნად ყველაზე მაღალი სახლის სახურავზე,

უყურო მიწას და ხედავდე არაფერს, სავსებით არაფერს,

მაგრამ არ უნდა შეგეძლოს, ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,

რომ შეიძლება კვდებოდე არა დღეს, კვდებოდე არა დღეს.

მე მინდა გირჩიო: აღიარე ძვირფასი წარსული.

აღიარე რაც უკვე დაკარგე.

ყველას წინაშე აღიარე ვინც ამას მოითხოვს.

დავიწყებისკენ გაქანებული შენი თავი აუწყე ყველაფერს,

რაც გამშვიდებს და შემპარავად გაიძულებს იყო ისეთი,

როგორიცაა ყველა, ვინც ცვალებად ნორმებს აღიარებს.

შეგიძლია უნუგეშო, მყიფე ფორმებივით კვდებოდე ყოველდღე,

მაგრამ იმ ერთხელ, როცა დრო მოგივა, მართლა უდნა მოკვდე.

შეგიძლია უყურებდე ბედნიერ და უბედურ სახეებს და ხედავდე არაფერს, სავსებით არაფერს,

მაგრამ როცა ვიღაც მოდის და შენს წინაშე რაღაცას ივიწყებს,

დაღლილ და ხსოვნას შეტოვებულ ურთიერთობებში უნდა კითხულობდე მხოლოდ შენს ყველაფერს. ‘ დათო ბარბაქაძე.