2017 წელიც მიიწურა, ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხვრებაში, ცუდი წელი არ ყოფილა, მაგრამ არც  გადასარევი. 2017 წელს გარეთ შევხვდი, სრულიად მარტო, სოფელში. ვსეირნობდი და ფეიერვერკევისგან თავს ზემოთ ცა იქცეოდა… მოწყენილი და საშინლად უბადრუკი ვიყავი. მერე სახლში შევედი, გაშლილ სუფრას სრულიად მარტო მივუჯექი და ბევრი შოკოლადი ვჭამე, ბევრი წითელი ღვინოც დავაყოლე და ბოლოს თავბრუდახვეულმა ძლივს გავიგენი გზა საწოლისაკენ.

გათენდა 1 იანვარი და დაიწყო 2017 წელი, რომელიც ძალიან ბევრ ღიმილს, თავგადასავალს, პასუხისმგებლობას, იდეას, ადამიანს და ახალ “მე”-ს მთავაზობდა…

  • თებერვალში ფსიქოლოგთან ვიყავი, ბევრ რამეში გამარკვია, სამყაროს სულ სხვანაირი თვალით შევხედე, ის დღე იმდენად არაორდინალური იყო ჩემთვის, რომ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა, (“ნამდვილად სასწაულია ეს სამყარო” იმ დღეს ჩაწერილი ციტატა ჩემი დღიურიდან )
  •  თებერვალშივე გავიცანი დამიანი, რომელსაც მთელი ჩემი წელი დავუთმე, მასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ზუსტად ერთი თვეა რაც საბოლოოდ გავწყვიტე მასთან ყველანაირი ურთიერთობა. ალბათ კიდევ უნდა გავიდეს დრო, რომ ვთქვა რაში იყო საქმე, მე მისთვის არ მითქვია ისე ავორთქლდი, სახალისო ისაა, რომ კითქვა არ გასჩენია სად მივდიოდი… ეს უფრო მარწმუნებს ჩემს საქციელში და ბედნიერი ვარ საკუთარი გადაწყვეტილებით. :დ
  • აპრილის თვეში უცნაური რამ შეგვემთხვა მე და ჩემს საუკეთესო მეგობარს, კაფეში წავედით, ბევრი რამ შევუკვეთეთ და ჩვენ, როგორც მათემატიკის არ მცოდნე ადამიანებს, 2 ლარი დაგვაკლდა, თანხა საერთოდ აღარ გვქონდა რომ დაგვემატებინა, ამიტომ რაც გაგვაჩნდა მაგიდაზე დავუტოვეთ, ჩვენ კი გამოვიქეცით. ხომ, არ მოგესმა, გა-მო-ვი-ქე-ცით. ახლა მეცინება მაგრამ მაშინ საკუთარ თავს ვჭამდი ისე მრცხვენოდა. მეორე დღეს კუთვნილი ორი ლარი საკუთარი ფეხით მივიტანე კაფეში. მათ კი არც ახსოვდათ, რა საჭირო იყოო. მას მერე ფობია მაქვს შეკეთვის მიცემისა :დ
  • ივნისში მეთერთმეტე კლასის გამოცდები ჩავაბარე, დღემდე კარგად მახსოვს ჩემი ცხოვრების 4 უძილო ღამე, გულისგამაწვრილებლად დამღლელი, გადაბმული მეცადინეობები რომელიც როგორც იქნა დამთავრდა. ზედმეტად ბევრი ვინერვიულე…
  • მთელი ზაფხული ძალიან კარგად გავატარე, ბევრი ვიმოგზაურე ჯერ ბიძასთან ერთად, მერე მთელ ჩემს ოჯახთან ერთად.
  • აგვისტოში ბანაკში ვიყავი, უამრავი თანატოლი გავიცანი, ყოველ დღე ვწუწაობდით და ყოველ ღამე კოცონის გარშემო სიმღერებს ვმღეროდით, ამ დროს წამოვწვებოდი ჩემს თბილ პლედზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში ვიძირებოდი, უამრავი ვარკვლავი მიხუტებდა და იმდენად სასიამოვნო მომენტი იყო ნაცნობი მუსიკის, ცოცხალი შესრულებისას ვარსკვლავების ყურება, რომ ახლა ყველაზე მეტად ეგ გრძნობა მენატრება.
  • სექტემბერში სკოლაც დაიწყო, ბოლო პირველი დღე, უკვე მეთორმეტე კლასელი ვარ. პირველ დღეს ჯინსის შარვლითა და შავი პერანგით გამოვცხადდი (თეთრი ზედისა და შავი ქვედატანის ნაცვლად)  პროტესტი, რომელმაც არაფერი შეცვალა თავი ოდნავ უკეთ მაინც მაგრძნობინა.
  • სკოლის დაწყებიდან რამოდენიმე ხანში ჩემი და საბას ურთიერთობა იმდენად ახლო გახდა რომ ნამდვილი, ერთგული და უზომოდ კეთილი მეგობარი შევიძინე, 5 თითივით მიცნობს, ეს მაშინებს კიდეც. ის იშვიათი ადამიანია ვისი დაკარგვაც არ მინდა. ჩემი დებატ მეწყვილე, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და მასთან ერთად 2017 წელს უამრავი მოგონება მაქვს.
  •  ნოემბრიდან საშეინლად მომაბეზრებლად ერთმანეთის მსგავსი დღეები დაიწყო, აბიტურიენტობა…

საბოლოო ჯამში 2017-მა წელმა ძალიან საინტერესოდ და შესაბამისად ძალიან სწრაფად ჩაიარა. ამ წელს ვისწავლე, რომ:

  1. ადამიანებს ბევრი ფარული უნარი აქვს, რომლებსაც მხოლოდ შემთხვევითობა ამჟღავნებს.
  2. ადამიანებს სჩვევიათ, უცნაური სილამაზით გაგეცნობიან და უცნაური სიმახინჯით გტოვებენ.
  3. იმაზე საზიზღარი არაფერია, რომ კაცმა სულ შენს თავზე ილაპარაკო.
  4. ერთი ტკივილი, ამსუბუქებს მეორეს.
  5. ბევრი ფიქრი სასარგებლოა პიროვნული განვითარებისთვის, მაგრამ საზიანოა ჯანმრთელობისათვის.
  6. რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო ახალო მეგობარი ხდება სიჩუმე ჩემთვის.
  7. ადამიანის ტვინზე (აზროვნებაზე) მეტად არაფერი მიზიდავს ადამიანში…

ხვალ 2018 წლის პირველი იანვარი გათენდება, და მე მზად ვარ ახალი ადამიანების, თავგადასავლებისა და წარმატებებისათვის. გილოცავთ ყველას! <3. საკმაოდ ვრცელი პოსტი გამომივიდა, ეჭვი მეპარება ვინმემ ბოლომდე წაიკითხოს, მაგრამ მაინც, იყოს მოგონებებისათვის.