სულ რამოდენიმე თვის წინ საცხოვრებელი ბინა შევიცვალე. ამაზე ბლოგიც დავწერე მაშინ… მე და მეზობლები განყენებული თემაა, არ მახასიათებს მეზობლობა რატომღაც. შესაბამისად არცერთ მეზობელს არ ვიცნობ. თუმცა ერთ-ერთმა თავი დამამახსოვრა და ამ ბლოგს სწორედ მასზე ვწერ.

მე მეოთხე სართულზე ვცხვრობ, ის მესამეზე. მაღალი, შავგვრემანი, მხრებში მოხრილი, ეშმაკური მზერით მაცილებს სადაც არ უნდა შემხვდეს. ამასწინათ მასწავლებლისგან მოვდიოდი, საკმაოდ ციოდა, უკვე დაბნელებულიყო და ლამპიონები აქა-იქ ბჟუტავდნენ, ნისლი იყო ჩამოწოლილი და ხელს უშლიდა განათებას. ჩემს სახლთან გრძელი პარკია და იმ პარკს მივუყვებოდი. გარეთ არავინ იყო, პარკში მითუმეტეს. და უეცრად მას ვხედავ, სკამზე ზის, სრულიად მარტო, ხელები ჯიბეში ჩაუყვია და სადღაც, უსასრულობაში, იყურება. ძალიან გამიკვირდა, იმდენად გასული იყო მომსახურეობის ზონიდან, რომ გამარჯობის თქმაც ვერ გავბედე და სწრაფად გავეცალე იქაურობას.

მაშინ, როდესაც სახლში ვბრუნდები და სადარბაზოს კიბეებს ავუყვები ვხედავ დიდი სარწყავით ხელში, დგას და ყვავილებს რწყავს, მე ვეუბნები გამარჯობას, მაგრამ ამ სიტყვა „გამარჯობას„ რაც შემიძლია ვწელავ, ბგერებს შორის სიცარიელეში კი ათი ათასობით სიტყვას ვატევ. საპასუხოდ იგივეს ვღებულობ, „გაგიმარჯოს„. მერე მისი მზერა მიმაცილებს სახლის კარამდე და ასე მეორდება კვირაში სამჯერ მაინც. 

დღეს დილით, სახლში რომ ვბრუნდებოდი რატომღაც მის ფანჯარას შევხედე, შევხედე და რას ვხედავ: შავგვრემანი ბიჭი ფანჯარას სწრაფი ტემპით კეტავს და უჩინარდება. ავდივარ კიბეებზე, თან დანახულს ვიაზრებ და შედეგს ვვარაუდობ. შედეგი გამართლდა. ის იდგა დიდი სარწყავით ხელში და ყვავილებს რწყავდა.

ხოდა ეს ყვავილები მე ავაყვავე შუაგულ დეკემბერში 😋