ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც დროის სიმძიმეს საკუთარ მხრებზე ვგრძნობთ. ახლა ეგ მომენტი მაქვს. რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით გავაჩერებდი დროს. თანაც ახლა წვიმს, ალბათ ლამაზი სანახავი იქნებოდა, წვიმის წვეთები ჰაერში გაჩერებული… გავაჩერებდი დროს, და მეც მასთან ერთად გავჩერდებოდი. 

დამღლელია ყოველი დღის გაწერილად გატარება. ყოველ საღამოს ახალი გეგმის შედგენა, რათა მომდევნო დღეს დეტალურად შეასრულო ისინი. თანაც ეს გეგმები არა და არ ილევა, გღლის, ყელში გიჭერს და შენს დახრჩობას ცდილობს. დგება მომენტი როდესაც გინდა, რომ გაჩერდე, დაისვენო და ერთადერთ გამოსავალს დროის გაჩერებაში ხედავ.

ჩვენ, ადამიანები მომავლის იმედით ვცხოვრობთ. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღესაც, ანაც, საღამოს, აღმოაჩენ, რომ შენი იმედები ფუჭია. მაშინ როდესაც საკუთარ თავს დროსთან მიმართებაში წარმოიდგენ და იქ შენს ადგილს დაიკავებ, შენ ხვდები, რომ დროის მრუდის რაღაც წერტილში ხარ და ის ბოლომდე უნდა გაიარო. შენ დროის კუთვნილება ხარ და თავზარდაცემული მასში დაუმარცხდბელ მტერს ხედავ. ამ მომენტში აცნობიერებ შენი იმედების არარაობას და ყრუ ტკივილს გრძნობ სადღაც, იმდენად ყრუს, რომ მტკივარ ადგილს ვერ მოძებნი საკუთარ სხეულზე.

გაივლის ეს მძაფრი ფიქრების კორიანტელი და შენში იმედის ნაპერწკლები ნელ-ნელა დაიწყებენ გაღვივებას. ხვალინდელ დღეს დაელოდები, თუმცა შინაგანად გეცოდინება რომ უარი უნდა გეთქვა მასზე.