შემოდგომის სიგრილეს ნელ-ნელა ეპარება სიცივე, ცისფერი ცა ნაცრისფრად იფერება, ქარი ხეებს ტოტებს ვარცხნის და გზააბნეული ფოთლები ფეხებში მებლანდება. მივდივარ და ვარღვევ ჰაერის ერთიანობას, ვსუნთქავ გაყინულ ჟანგბადს, რომელსაც ჩემი ორგანიზმი ათბობს და ისევ ჰაერის შემადგენლობაში აბრუნებს.
ირგვლივ შექმნილი ატმოსფერო, მაფიქრებს საკუთარ მარტოობაზე. ქუჩაში არავინაა, რიტმულად მივაბიჯებ ფილაქანზე და ვცდილობ მელოდია წარმოვქმნა. ჩამოწოლილ თეთრ, უსასრულო ნისლში ვხედავ საკუთარ ტკივილებს, რომლებიც დრომ გამიჩინა და ნელ-ნელა უფრო ღრმავდებიან. ასეთ მომენტებში მეპარება სენტიმენტალობა და რეალობას თვალს ვუსწორებ, ეს კი მაშინებს. რეალობა ისეთი შხამიანია ძნელია გაუძლო მის სიმწარეს. მეშინია, და შიშს წინააღმდეგობას ვუწევ, ვეწინააღმდეგები და მეწყება შიშის შიში, რასაც შფოთვამდე მივყავარ.
მაშინ როდესაც შფოთი მოაღწევს შენამდე მიიღე და მიენდე მას. ეს გაანეიტრალებს გრძნობას, რომელიც გტანჯავს.
მივდივარ და აღარ ვცდილობ სიცივეს გადავაბრალო საკუთარ სხეულში გაჩენილი ყრუ ტკივილი, რადგან საკუთარ თავს ხმამაღლა განვუცხადე: “არაუშავს, იღელვე, მიიღე საკუთარი ღელვა„. იმის მიღებით რაც ისედაც ხდება სადღაც გაქრა გამუდმებული კონფლიქტი საკუთარ თავსა და გამოცდილებას შორის. მე მივიღე საკუთარი ღელვა და საღელვებელი აღარაფერი დამრჩა.