ცა ნაცრისფრად მოიქუფრა, დროგამოშვებით შუაზე ხლეჩს თეთრი ნათება და ირგვლივ ჩამუქებულ, ნისლჩამოწოლილ არემარეს აშიშვლებს, რასაც მოჰყვება ხმამაღალი, ბუნების გაშმაგებული გრუხუნი. სამყარო გაბრაზებულია და ჯავრს იყრის, ისეთ უმწეო არსებებზე, როგორიც ჩვენ ვართ, ადამიანები. წვიმის წვეთები მსხვილია და დამაბნეველი, რადგან რთულია გამოარკვიო რა ატირებს სამყაროს. ან თუ ტირის რაღატო ბრაზობს, ვეცოდებით? რაიმე ვატკინეთ? იმედები გავუცრუეთ? თუ სამივე ერთად.

ქუჩის ვიწრო ტროტუარს მიუყვება ინა. ცალ ხელში დაკეცილი ქოლგა უჭირავს, ცალი ხელი კი ჯიბეში უდევს. ამინდი მისი ხასიათის ზუსტი გამომხატველია. ბნელი, ცივი და გაურკვეველი. ინამ მის წინ მომავალი ადამიანი შენიშნა და წელში გასწორდა, ფეხები მოიმაგრა, სახეზე შერჩეული მასკა მოირგო და თამამად ჩაუარა. როგორც კი ადამიანს გასცდა, უცებ მოიშალა, ტანი ისევ მოწყდა, ორად მოიკაკვა, ფეხები ერთმანეთში აეხლართა და ყელში რაღაც ბურთი მოაწვა. საჩქაროდ გზას გადაუხვია, ნაგვემი ტანი სახლამდე ძლივს მიათრია, კარი გააღო და ნაცნობ ოთხ კედელს შეეგება.

საკუთარ ოთახში შევიდა, საწოლზე პირქვე დაეცა და დაგუბებულ დარდს პირი მოურღვია. აზრებიც ბუზებივით გამრავლდნენ და აირივნენ, მათ ხმაურიანად შეუტიეს ახალგაზრდას. როგირ გაუძლოს მისმა გულმა ამოდენა ჭირს და ვარამს? როგორ დაალაგოს ამდენი გზააბნეული ფიქრი და შეძლოს აზრის მთლიანი ძაფის აგება? სლუკუნ-სლუკუნით ქვითინებდა, ცრემლები არემარეს ასველებდა, ახალგაზრდა მოიღრუბლა და ნალექიანობამ მასში პიკს მიაღწია. იგი წევს გაუნძრევლად, წევს და გულისცემის შეწყვეტას ელოდება… სწორედ ამის მოლოდინში იყო, რომ ჩაეძინა. 

ამაო ყოფილა სიკვდილის ძებნა, როგორც სიცოცხლის ძებნა ყოფილა ამაო, გაიფიქრა დიდლით გაღვიძებულმა ინამ და დარაბები გამოაღო, გარეთ ცა მოწმენდილი იყო, სამყარო გულუხვად უზიარებდა მზის სხივებს ადამიანებს.