თენდება, სიჩუმეს დაუნდობლად არღვევს მაღვიძარას ბგერები, რომლის ხშირი რხევები უხეშად ხვდება სასმენ აპარატს და ხმაურით გამოწვეული დისკომფორტი მაიძულებს თვალები გავახილო. იწყება ახალი დღე, წამი წამზე გაწერილი. დღიურ რუტინას კი საუნდრეკად ადევს ხმაური, ხმაური რომელიც გაიძულებს იფხიზლო, გეხმარება რომ ცხოვრების დროს არ ჩაგთვლიმოს, გაგრძნობინებს რომ ცოცხალი ხარ და რომ შენი სიცოცხლე სხვებსაც ესმით. 

სიჩუმეში ძალიან იშვიათად ვარ და სამყარო ჩემს ირგვლივ სრულიად იცვლება, ცა უფრო ღრმა ხდება, ჰორიზონტი კი უფრო ვრცელი. ჩემს ირგვლივ სამყარო მოძრაობას იწყებს, მთელი ქსოვილით სუნთქავს და გულივით ფეთქავს მარადიული სიცოცხლე. ვაანალიზებ რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. მე კი არ ვსუნთქავ, არამედ ცხოვრება სუნთქავს ჩემში. 

სიჩუმე კი ღამეში ცხოვრობს, მაშინ როდესაც თითქმის ყველა, დამღლელი დღის შემდეგ ბალიშზე თავს დადებს და გაისუსება, სიჩუმე კარს აღებს და ნელ-ნელა ეფინება არემარეს. სიჩუმის უკან კი იმალება ათობით და ათი ათასობით ფიქრი, რომელიც ხმაურმა დააფრთხო და შეშინებულები  ფრთხილად, შემდეგ კი ქაოტურად იწყებენ ფუსფუსს გონებაში. 

სიჩუმე ასევე ხშირად მფარველობს იმ ძალებს, რომლებსაც ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ. რადგან არსებობს რაღაცები რისი გაგონებაც უბრალოდ არ ღირს, სიჩუმეში კი ეს რაღაცები სამარადისოდ იმალებიან. 
დედამიწა სავსეა სიურპრიზებით, ხშირად ეს სიურპრიზები სულაც არ არის სასიხარულო, არამედ პირიქით, დამანგრეველია. სიჩუმეში კი უკეთ ეგუება ადამიანი მოვლენებს. 

ზოგჯერ მინდება გარეთ გავიდე, შუა ქუჩაში დავდგე და უსამართლობის,  დაუნდობლობის, სირთულეების, სისასტიკის, ძალადობის, ფარისევლობის და კიდევ უამრავი სხვა რამის გამო სამყაროს წინაშე პრეტენზია გამოვხატო, მაგრამ აქაც, პირიდან მხოლოდ სიჩუმე ამომდის.

სამყარო იზრდება, ახალ-ახალ ისტორიას თხზავს და დღითიდღე უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ სიჩუმე ყოველთვის უფრო ბევრის მთქმელი იქნება.