დღიური სახლში დამრჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში გრძნობების ნიაღვარმა იწყო მიქცევა-მოქცევა, მე კი უარი ვთქვი საშველად გამოწვდილ ხელზე და სადაცაა საკუთარი გრძნობების მორევში დავიხრჩობი. შემდეგ კი აქაურობა (ბლოგი) მახსენდება და ეს გავს უდაბნოში წყლის აღმოჩენას. მე არასდროს ვყოფილვარ უდაბნოში წყლის გარეშე, საკუთარი სხეულით, მაგრამ ფიქრებით ამ წამს ვიმოგზაურე და ეს ორი სხვადახვა სიტუაციისაგან გამოწვეული ემოცია ერთმანეთს დაემთხვა. 

ესეც ასე, ამ წუთას ჩემი სოფლის გამგეობის შენობაზე ვარ. სწორი თანდებულია „ზე„ რადგან არც შიგნით ვარ და არც „თან„. მე მის ჩრდილო კედელზე მიმაგრებულ კიბეზე ვარ ამძვრალი და მთელ სივრცეს ვაკონტროლებ. სასაცილოა როდესაც აღმოაჩენ, რომ შენ ყველაფრის გაკონტროლება შეგიძლია საკუთარი თავის გარდა. თავიდან უაზროდ გეცინება, შემდეგ კი საკუთარ თავს დასცინი. 

როგორ აღმოვჩნდი აქ. დედაჩემმა ახალი წინდები მომიტანა ბაზრიდან, ისინი ნაცრისფერია და წითელი კოპლები აქვს, ძალიან მომწონან. თუმცაღა რაშუაშია. აქ ამ წინდებმა მომიყვანეს. სხვა ახსნა არა მაქვს, რადგან არვიცი სინამდვილეში აქ რას ვაკეთებ, ან ამ ტექსტს რატომ ვკრიფავ. არაფერი არვიცი.

აღსანიშნავია ამინდი, როგორ მიყვარს წვიმიან ამინდში ღრუბლებიდან რომ აცხუნებს მზე და აი ეს მუსიკა, რომელიც ამ წამს ჩაირთო ჩემს ყურსასმენებში. რამაგარია. როგორ მღრღნის შინაგანად რაღაც და როგორ მსიამოვნებს ეს. მემგონი მაზოხისტი ვარ. მოკლე მოკლე წინადადებები ბევრად უფრო მეტს ამბობენ თურმე, ეს ახლა შევამჩნიე.  

მე საკუთარ თავს ბრალს ვდებ, იმაში, რომ ბედნიერებას ხელი ვკარი, სევდას დავმორჩილდი და ამისათვის მარტოობა მომესაჯა.

ძნელი დასაჯერებელი არ იქნება, რომ ვთქვა ახლა რაღაც მიმალული, საშინლად მტანჯველი მომეშვა თქო, მაგრამ ეს ბლოგერებისთვის. ვიღაც „ჭიპა„ კი მაგრად დამცინებს. თუმცაღა უნდა ავღნიშნო როგორი უმნიშვნელოა ჩემთვის ახლა ნებისმიერი რამ, ერთი მაგისიც… 

წვიმისაგან დასველებული ასფალტი აქა-იქ აშრა, ხალხი ნელ-ნელა სახლებიდან გარეთ იკრიბება. მე კი მომიწევს ამ ადგილს დავემშვიდობო სანამ ნაცნობი მოვა და მკითხავს: „რა გჭირს?„