არსებობს თუ არა ღმერთი?! ეს ის კითხვაა რომელსაც ბოლო ორი წელია გავურბივარ და ვცდილობ დავივიწყო. დღემდე არვიცი რისი მწამს, გზააბნეული ბატი ვარ უკიდეგანო მდელოზე.

ჩემს ოჯახში ხატების კუთხე ყოველთვის იყო, მაგრამ არავინ ლოცულობდა და არც ეკლესიაში დადიოდა. დიდი ქეიფების დროს, როდესაც უფლის სადღეგრძელოს ამბობდნენ ხოლმე, მაშინ ვიგებდი ახალ ინფორმაციას რელიგიაზე. მერე სკოლაში შემოიღეს საგანი რელიგია, მაგრამ სახელი არასწორად ერქვა, ეს რელიგიის გაკვეთილები არ იყო, ეს იყო მართმადიდებლობის გაკვეთილები. მე-5 კლასელი ვიყავი და ფანატიკოსი მასწავლებელი მასწავლიდა. გაკვეთილს ლოცვითა და წმ. გიორგის ტროპარით გვაწყებინებდა, როდესაც ვკითხეთ წმ. გიორგის ტროპარით რატომ, გვიპასუხა, რომ ძალიან უყვარს ეს წმინდანი. 100%-ით მჯეროდა რასაც მასწავლებელი გველაპარაკებოდა, მახსოვს ერთხელ მრწამსი დავიზეპირე და ასიანი დამიწერა. ერთი წლის შემდეგ საგანი აიკრძალა.

ფანატიკოსი მორწმუნე ვიყავი, ზაფხულის არდადეგებზე ეკლესიაში სიარული დავიწყე, არცერთ წირვას არ ვტოვებდი და იმდენად შეპყრობილი ვიყავი რომ მამაოს ვთხოვე ლოცვების შემდეგ ტაძარს დავალაგებ მეთქი, მანაც დიდი სიამივნებით მიიღო ჩემი წინადადება და ასე მოვახერხე გამეგო ეკლესიის შიგნით რა ხდებოდა… 

ერთხელ, როდესაც ლოცვის შემდეგ ტაძარს ვასუფთავებდი, სტიქაროსანი შემოვიდა, ღვთისმშობლის ხატთან მივიდა და მეკითხება: -შეხედე რამაგარი ნაშაა არა?. არაფერი მიპასუხია, პატარა ვიყავი და შემეშონდა რომ მესაყვედურა. ეს ამბავი მანამდე მქონდა დავიწყებული, სანამ ფანატიკოსობა არ დავივიწყე. 

ეკლესიური ზაფხულების შემდეგ, ერთ ზაფხულსაც ბანაკში წავედი. 1200 ბავშვი, ყველა განსხვავებულად მოაზროვნე. ჩემი ოთახის მეზობელი 2 გოგონა ათეისტი იყო. ყოველ ღამე ძალიან ღრმა საუბრები გვქონდა, ჩემზე ასაკით დიდებიც იყვნენ, მათ მოახერხეს და ჩემი რწმენა ნაწილ-ნაწილ აკუწეს. 

დავბრუნდი სახლში და მას მერე მაწუხებს კითხვა, არსებობს თუ არა ღმერთი?! ჩემს ტვინს არ სჯერა მისი არსებობა, გულს კი უნდა, რომ სჯეროდეს. რადგან მაშინ როდესაც მარტო ხარ რთულია ეს გაიაზრო, ღმერთი კი ცხოვრების მთავარი პერსონაჟია, რომელიც ყოველთვის ყველასთანაა. ასევე რთულია იცოდე, რომ შენი არსებობა საკუთარი ორგანიზმის იქეთ არარსებულია, მაშინ როცა ადამიანებს მეტი და მეტი უნდათ. ღმერთი კი არის სიმბოლო სიტუაციისა, რომელშიც ადამიანი – სასრული არსება, ჩართულია უსასრულო სრბოლაში. 

მე არ ვიცი არსებობს თუ არა ღმერთი, ჩემს ასაკში მიჭირს განაჩენი გამოვიტანო. მაგრამ, რაცარუნდა იყოს, ღმერთი არ წარმომიდგენია ღრუბლებში მჯდომ, თეთრწვერება მოხუცად. ფანატიკოსი აღარასოდეს ვიქნები და თუ ამის გამო სამოთხეში ჩემთვის ადგილი არ მოიძებნება, წინააღმდეგი არა ვარ.