მე ხატია ვარ, ალბათ საკუთარი სახელი სხვა პოსტებშიც მიხსენებია, როდესაც მე დავიბადე დედა ისხენებს, რომ ისე ცხელოდა, გარეთ ხალხის ჭაჭანება არ იყო, ბებიაქალმა ძალდატანებით გამომათრია საშოდან და პირველი ბგერებით შევეგებე სამყაროს. საკუთარი დაბადების დღე ძალიან მიყვარდა, რადგან ვიცოდი სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლიდა. ასე გადიოდა წლები, და მე ყოველი ზაფხულის, აღუწერელად ცხელ დღეს, ერთი წელი მემატებოდა.
სიურპრიზები ყოველწელს სხვადასხვა იყო, და იმით გამოირჩეოდა, რომ არავინ გეგმავდა, უბრალოდ ამ დღეს ხდებოდა, გავიხსენებდი ერთ-ერთ დაბადების დღის წვეულებას, როდესაც ორი სიყვარულით დადაგული გული საბოლოოდ გამოუტყდნენ ერთმანეთს გრძნობაში, ისე გამიხარდა, მსგავსი სიხარული მაშინ არც ერთ საჩუქარს არ მოუნიჭებია. ასევე არაორდინალური იყო მეგობრის გაპარვა ჩემი დაბადების დღიდან, რომელიც პოლიციამ დააბრუნა შინ.
ერთისიტყვით ბევრი რომ არ გავიხსენო, საკუთარი დაბადების დღე მოდიოდა და რაიმე განსხვავებულს ველოდი, კი არ ველოდებოდი, მოვითხოვდი, ხოდა ისე შევაწუხე ეს დედამიწა ჩემი მოთხოვნებით, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს 2 ბრუნი გავაკეთე ჰაერში და საბოლოოდ მანქანაში ავითქვიფე. ტვინი შემერყა და აზრებმაც დეფორმაცია განიცადეს.
ის დღე იყო და ის დღე, მას შემდეგ არაფერს ველი წინასწარ, საკუთარი დაბადების დღე ცოტა მაშინებს, ცოტა მაინტრიგებს, და საბოლოოდ ერთი სული მაქვს გავიგო რა მოხდება ხვალ. ახლა ჰორიზონტალურად აღმართული ტელეფონი მიჭირავს და ისე მეძინება, თვალები მეხუჭება. თორმეტს უკვე კარგა ხანია რაც გადასცდა და მე 17 წელი შემისრულდა. ძალიან მომწონს ჩემი ახლანდელი ასაკი, მის შესანარჩუნებლად დროსაც კი გავაჩერებდი. 16 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი იყო, საკუთარი თავი მაზოხისტივით ვტანჯე, თექვსმეტი წლის ასაკში…
- შევქმენი ბლოგი, რომელმაც ჩემი საუკეთესო მეგობრის სტატუსიც მალევე მოიპოვა.
- დავინტერესდი ფილოსოფიით, რამაც სამყარო სხვა თვალით დამანახა.
- …
- გავიჩინე შინაური ცხოველი, სახელად გოჩა, მოწოდებით კი კუ.
- ვისწავლე სახლის საქმეები
- გავიცანი ოდი
- ჩამოვიცილე უაზრო ადამიანები
- ყველაზე ბევრი ვიჩხუბე
- წავიკითხე ყველაზე მეტი წიგნი
- შემეცვალა მუსიკალური გემოვნება
- ვისწავლე ველოსიპედის ტარება
ესეც ჩემი დაბადების დღის პოსტი. დღეს, ყველაზე ცხელი ზაფხულის ღამეს, ხატია 17 წლისაა და ტკბილ ძილს გისურვებს 💛