ახლა ფანჯრიდან ვიყურები და ასეთი სილამაზე ძალან იშვიათად თუ მინახავს, ზუსტად ჩემი ფანჯრის წინ, მოღრუბლულ ცაზე გადაშლილია დიდი ცისარტყელა, ჩემთან ისე ახლოსაა, მგონია რომ მის თაღში გასვლას შევძლბ. ბავშვობაში მეგონა, რომ ფერებს ცისარტყელასგან ღებულობდნენ და შემდეგ აფერადებდნენ ყველაფერს.
ძალიან ლამაზია… ამ სამყაროს ფონზე ზედმეტად ლამაზიც კია. ცისარტყელა ყოველთვის ბედნიერებასთან ასოცირდებოდა ჩემთვის. ახლა რომ ვფიქრობ რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მახარებდა მისი გამოჩენა. ახლა ჩემში დიდი სევდაა რომელიც არსაიდან, თითქოს არაფრისგან წარმოიშვა და ჩემში სიხარულს უკვე ცისარტყელაც ვეღარ იწვევს. არამედ პირიქით, ვგრძნობ როგორ მოიწყინა ცამაც, ყველაფერი სევდიანი მეჩვენება, მათ შორის ცისარტყელაც, ჩიტებიც, რომლებიც დაბლა დაფრინავენ წვიმის მომასწავლებლად. მხოლოდ ცა გრძნობს იგივეს რასაც მე.
დაბლა, მიწაზე ძალან ბევრი ახალგაზრდა სეირნობს, დაქრიან მანქანები, ბოლო ხმაზე აწეული მუსიკებით და იქეთ, ბინის კუთხეში კატა იზმორება. მაღლა მინდა, ღრუბლებს შორის ნაპრალებს ვხედავ, მათგან გამომჭვირალე მკვეთრ სინათლეს, სინათლეს რომელიც ცოტაოდენი იმედის მომცემიცაა. ამასობაში ცისარტყელასაც მოვბეზრდი, ცალი ფეხი აწია და ჩემგან წასვლას ლამობს, მე კი ვერ ვაკავებ. არასოდეს დამავიწყდება ჩემი სევდიანი ცისარტყელა და ადგილი სადაც მას შევხვდი. მე ყოველ საღამოს ამ ფანჯარასთან დაველოდები ცაზე, სადაც ყოველთვისაა მისი ადგილი. 💚