ახლა ჩემი საწოლი მთლიანად მაქვს დაპყრობილი, ირგვლივ უამრავი მტვერი ირევა, სიჩუმეა და აქა იქ ამ სიჩუმეს არღვევს ჭურჭლის სასიამოვნი ხმაური. მე გადავდივარ და ვტოვებ ამ სახლს, სამახსოვროდ კი მხოლოდ მოგონებებს ვუტოვებ. ჩემი ოთახის ოთხივე კედელი ღაჟღაჟა ყვითელია, აქა იქ დიდი წითელი ყვავილებით. აღარ მომწონს, არც თავიდან მომწონდა. ახლა ამ სიყვითლეში მხოლოდ საწოლიღა შემორჩა, სულ მალე მასაც მოაკითხავენ. აქ კედლებსაც ჩემი სუნი ასდით, მომენატრება აქაურობა, მაგრამ იმდენად არა რომ დაბრუნება მომინდეს. კედლებზე ისევაა ჩემი გაკრული ფორმულები და უცხო სიტყვები თავისი განმარტებებით, მათაც აქ დავტოვებ კედლებთან ერთად, ამგვარად სახლის ახალ პატრონს ცოდნას გავუზიარებ.

 ფანჯარა, ჩემი დიდი ფანჯარა… ის იმხელაა ხელებს რომ ვშლი მაინც ჩემზე განიერია, სიგრძეში მაინც მე ვჯობნი. რამდენჯერ ვმდგარვარ ამ ფანჯარასთან და მიყურებია მზის ამოსვლისთვის, რამდენჯერ ჩამიკრია წინა კორპუსში მცხოვრები ბიჭისთვის თვალი და მერე დავმალულვარ, რამდენჯერ ჩამოვმჯდარვარ მის რაფაზე და წიგნი წამიკითხავს… ძალიან ბევრჯერ, თავს მოღალატედ ვგრძნობ, რადგან ახლა ახალი ფანჯარა მელოდება რომელიც მის მაგივრობას გამიწევს, ეს კი… იქნებ ჩემი ფანჯარა ახალმა პატრონმა უფრო შეიყვაროს… 

 ისე დაემთხვა რომ მთლიანად ვიცვლები, ჯერ ჩემმა პიროვნებამ დაიწო ცვლა, შემდეგ ჩემი თმა გალურჯდა და ახლა ახალი ფანჯრიდანაც მომიწევს სამყაროს ყურება, იქნებ ასე უკეთესიცაა.