სიკვდილი საშინელი რამაა, არა, განა იმას ვამბობ რომ არასოდეს მინდა მოვკვდე, უბრალოდ ძალიან მძიმეა იმ ადამიანებისათვის ვისაც სიკვდილის დანახვა შეუძლიათ, თორემ მათ ვისაც უკვე დაახუჭინა სიკვდილმა თვალები მათთვის სიკვდილი არაფერია.
გუშინ ავტობუსში საინტერესო საუბარს მოვკარი ყური, 82 წლის ბებო, მეორე – 76 წლის ბებობს გამოეხმიანა. ჯერ ასაკი ჰკითხა, მერე შეუქო გარეგნობა ასაკთან შედარებით, მაგრამ თან დააყოლა – ეჰ, 6 წელი ისე გაივლის ვერც კი მიხვდები. იციი ზოგჯერ ვფიქრობ, სიცოცხლე სასჯელია თუ საჩუქარი. წლების წინ კაცის მკვლელს ვიცნობდი რომელმაც 100 წელს მიაღწია, რაღა დასამალი ეგაა და მამაჩემის ძმა იყო, თავიდანვე ვიცოდი როგორი მძიმე ცოდვა ჰქონდა აკიდებული და როდესაც მას ვუყურებდი ხანშიშესულს, მაშინ მივხვდი, რომ ღმერთმა ის სიცოცხლით დასაჯა. ახლა მე მოვხუცდი და მეშინია, ვაი თუ ღმერთს იგივენაირი სასჯელი გაუმზადებია ჩემთვის.
ამ საუბარმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, ზოგადად მოხუცების თვალით სამყარო როგორი სხვანაირია მაგაზე დამაფიქრა. თუმცა არ შემიძლია არ დავწერო სულ რაღაც 3 კვირის წინ გადახდენილი ამბავი, რომელიც დიდი ხანია მინდოდა დამეწერა მაგრამ ამ დრომდე ვერ შევძელი. მოკლედ, ერთ დილას, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გავიგე, რომ მამაჩემი ძვლების ექიმთან იყო და მან სისხლის ანალიზზე დაყრდნობით სიმსივნე ივარაუდა და ამ ვარაუდის დასადასტურებლად სასწრაფოდ გააგზავნინა ანალიზი გერმანიაში. მოკლედ, ძალიან მიჭირს დავწერო ამ პერიოდზე, რადგან უმძიმესი იყო. 10 დღე პასუხების მოსვლამდე, ძალიან ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ისე მოხდა რომ არდადეგები მქონდა და ძირითადად სახლში ვიყავი. ამ დროის მანძილზე კი ბევრი რამ სხვანაირად დავინახე.
- ღამით ვერ ვიძინებდი და სულ ტირილი მინდოდა, სხვა რამეზე უბრალოდ ვერ ვფიქრობდი და მივხვდი რომ ძლიერი სულაც არ ვყოფილვარ.
- ის რაც გადმოცემით ვიცოდი, ახლა თავად გავაანალიზე, რომ სიკვდილის წინაშე ადამიაენები უსუსურები ვართ.
- მივხვდი როგორი უმძიმესი ტკივილი ტრიალებს იმ ოჯახებში, რომლებშიც მსგავსი რამ ტრიალდება.
- დავინახე როგორ უაზროდ ვფლანგავთ ადამიანები დროს, რომ იმაზე ნაკლებ სითბოს გავცემთ, ვიდრე საჭიროა და არ ვცდილობდი პირადად მე ყოველ დღე გამეხარებინა საყვარელი ადამიანები.
- მივხვდი რომ ყველაფერი უაზრო იყო რაზეც კი ვდარდობდი იმიტომ, რომ საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ არ არსებობს.
როდესაც კარგი პასუხი მოვიდა, უბრალოდ არ მჯეროდა, მეგონა მატყუებდნენ, რადგან ცუდს მოველოდი. დაამ მემგონი პესიმისტიც აღმოვჩნდი რეალისტობაზე რომ ვდებდი თავს. რამოდენიმე დღის მერე დედაჩემმა საუბრის დროს, კონტექსტიდან ამოვარდნილად, ძალიან მშვიდად მითხრა რომ უგულო ვარ. არ მწენია, რადგან ზუსტად ვიცი დღემდე ჰგონიათ ჩემებს, რომ ეს ამბავი დიდად არ განმიცდია. ახლა რომ ვიხსენებ ჩემს თავს, ხომ, იმაზე მხიარული ვიყავი ვიდრე ჩვეულებრივ, იმაზე უფრო დამჯერი, თბილი…. მაგრამ ამ პერიოდში ჩემს ოთახში ხშირად შევდიდოდი ცრემლების ჩასაყლაპად.
და დროა დავასრულო ჩემი არც თუ ისე პატარა ბლოგი, უბრალოდ სწავლის დროს უცნაურმა ფიქრებმა შემომიტიეს, დავფიქრდი, როგორი სიკვდილით მოვკვდებოდი არჩევანი რომ ჩემზე იყოს და მოვიფიქრე – სიხარულისგან რომ გული გამისკდეს. დაამ მერე აქაურობა გამახსენდა, მომნატრებია ❤